იმერეთის სატყეო სამსახურის შენობის რემონტში ნახევარ მილიონამდე ლარი დაიხარჯება. სატყეო სამსახურის უფროსი "მთავარ არხთან" დღეს გადაწყვეტილების გამართლებას ცდილობდა და ამტკიცებდა რომ თითქმის ნახევარ საუკუნოვანი შენობა სასწრაფო რეაბილტაციას საჭიროებს და 18 თანამშრომელს უმძიმეს პირობებში უწევს მუშაობა. თუმცა მას გამორჩა რომ შენობის ინტერიერი ერთხელ უკვე გარემონტდა.
სატყეო ადმინისტრაციის შენობის რეაბილიტაციისთვის ტენდერი 22 მაისს გამოცხადდა. მაშინ როცა ქვეყანა პანდემიას, მოსახლეობა კი შიმშილს ებრძოდა, ტყის მცველებმა კომფორტის მოწყობა გადაწყვიტეს.
რომელი კომპანია გაიმარჯვებს შენობის რეაბილიტაციის ტენდერში ჯერ უცნობია, თუმცა ცნობილია რომ კომფორტის შესაქმნელად 400 ათას ლარზე მეტი უნდა დაიხარჯოს.
ოპოზიციაში აცხადებენ რომ ხელისუფლება გადაწყვეტილებებს არაკეთილსინდისიერად იღებს, როდესაც ქვეყანაში ერთი შენობის რეაბილიტაცია იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ათასობით მოქალაქის ბედი.
სატყეო დეპარტამენტის ტენდერები არასამთავრობო სექტორმაც შეისწავლა. საჯარო შესყიდვების მონიტორინგის ცენტრში აცხადებენ, რომ შენობის რეაბილიტაცია გადაუდებელი აუცილებლობით არ იყო განპირობებული და ხელისუფლება ბიუჯეტის გაფლანგვით არის დაკავებული.
იმერეთის სატყეო სამსახურის შენობის რემონტისთვის გამოცხადებული ტენდერი რამდენიმე დღეში უნდა დასრულდეს.