მისი გამოჯანმრთელება საქართველოში ვერ მოხდება, არ გვაქვს შესაბამისი კლინიკა და გამოცდილება - ექიმი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ ალტერნატიული კონსილიუმის წევრ ექიმებს სრულყოფილი ინფორმაცია არ აქვთ. ისინი ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილს ყველა საჭირო კვლევა არ ჩატარებია.

ალტერნატიული კონსილიუმის ექიმები დღეს კიდევ ერთხელ შეეცდებიან, რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი მოინახულონ.

"რამოდენიმე სავალდებულო და ძალიან საჭირო კვლევის მეთოდი მასთან არ იქნა გამოყენებული, ის არ არის ბოლომდე გამოკვლეული. ჩვენ ხელთ სრულყოფილი დიაგნოზი არ გვაქვს. ამ დროს, ასეთ გაურკვეველ ვითარებაში, ის ბრუნდება უკან ციხეში, სადაც კიდევ უფრო გართულდება მისი მონიტორინგი წმინდა სამედიცინო თვალსაზრისით. სომატურად ეს ადამიანი მოსავლელია, მას აქვს რამოდენიმე ძალიან სერიოზული პათოლოგია ერთად თავმოყრილი, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი კუჭნაწლავის ტრაქტის მდგომარეობა. ძალიან სერიოზული დისპესიური მოვლენები. მართვა მისი და გამოჯანმრთელება ვერ მოხდება საქართველოს ვითარებაში, ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი ტიპის კლინიკა და არ გვაქვს გამოცდილება", - თქვა ექიმმა ლალი ჯავაშვილმა.

კონსილიუმის კიდევ ერთი წევრი, გიორგი გრიგოლია კი აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი ისევ შიმშილობას, ან მედიკამენტების მიღებაზე უარის თქმას გადაწყვეტს, ეს მის ჯანმრთელობაზე ძალიან მძიმედ აისახება.

"არ ვიცით რას იზავს მიხეილ სააკაშვილი. თუ მან ღმერთმა დაიფაროს და დაიწყო ისევ შიმშილობა, მედიკამენტების უარის თქმა, ეს ძალიან მძიმედ აისახება მის ჯანმრთელობაზე", - თქვა გიორგი გრიგოლიამ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მესამე პრეზიდენტთან გასაუბრება ვერ შეძლო გუშინ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა. მას ამის მცდელობა ორჯერ ჰქონდა. მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტი ვერ მოინახულა ვერც პირადმა ექიმმა, მას შესვლის უფლება არ მისცეს.

ახალგაზრდები ქაშვეთთან იკრიბებიან | მთავარის სპეც ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი