ჩვენი ინფორმაციით, ნაწამებია, სახელმწიფო საკუთარი ჯარისკაცის დასახსნელად არაფერს აკეთებს - სამხედროები ჩხიკვაძეზე

გამოქვეყნდა:

25-ე დღეა, რაც ოკუპანტების მიერ გატაცებული ყოფილი სამხედროს, მამუკა ჩხიკვაძის მდგომარეობაზე ქართულ მხარეს ინფორმაცია არ აქვს. ცხინვალის ციხეში შესვლის საშუალება არ ეძლევა არც "წითელ ჯვარს".

ყოფილი სამხედროებია და ჩხიკვაძის თანამებრძოლები ხელისუფლებას აქტიურობისკენ მოუწოდებენ და დარწმუნებულები არიან, რომ ციხეში მას აწამებენ.

"დღეს სახელმწიფო საკუთარი ჯარისკაცის დასახსნელად არაფერს არ აკეთებს, უფრო მეტიც, დღეს დუმილი არის დანაშაული. თავისუფლება მამუკა ჩხიკვაძეს და თავისუფლება ყველა იმ პატიმარს, რომლებიც სეპარატისტული რეჟიმების ტყვეობაში იმყოფებიან", - ამბობს ყოფილი სამხედრო. 

სამხედროები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ იგივე შეცდომა არ უნდა დაუშვას რაც ტატუნაშვილის შემთხვევაში მოხდა. ისინი ასევე მიმართავენ საპატრიარქოს, საკუთარი კავშირები გამოიყენონ ყოფილი სამხედროს დასახმარებლად.

"ჩვენი ინფორმაციით, ვიცით, მამუკა არის ნაცემი და ნაწამები. მინდა მივმართო ჩვენ ხელისუფლებას, გაჩუმებული რომაა, ხმას რომ არ იღებს, ჩვენ კარგად ვიცით ეს ნაგავი ხელისუფლება, თუ საით მიჰყავს ჩვენი ქვეყანა, რუსეთი არ უნდა რომ გააღიზიანოს, არ უნდა ელემენტარული საკითხი წამოჭრას, რომ მამუკა ჩხიკვაძე გაათავისუფლოს და გამოუშვას", - ამბობს ყოფილი ძალოვანი. 

ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომელი მამუკა ჩხიკვაძე ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს და 2 თვიანი "წინასწარი პატიმრობა" შეუფარდეს. ჩხიკვაძეს არარსებული საზღვრის გადაკვეთასთან ერთად, ნარკოტიკული ნივთიერების გადატანასაც ედავებიან.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი