ტყიბულელი მეშახტეები უსაფრთხოების ნორმების სათანადოდ უზრუნველყოფას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ - ათასამდე ადამიანი ამ წუთებში მაღაროს ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავს. ისინი მუშაობის გაგრძელებაზე უარს აცხადებენ, სანამ უსაფრთხოების ნორმები სათანადოდ არ იქნება უზრუნველყოფილი.

აქციის მონაწილეების თქმით, შახტებში მუშაობა სიცოცხლისთვის საშიშია. ორი დღის წინ  22 მეშახტე სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, რადგან ლიფტი 400 მეტრის სიღრმეზე გაიჭედა და შეიძლებოდა ნებისმიერ მომენტში მოწყვეტილიყო.

მეშახტეები შრომის პირობების გაუმჯობესებას, შრომის უსაფთხოების ნორმების დაცვასა და ხელფასების მატებას მოითხოვენ. 

აქციის მონაწილეები ეკონომიკის მინისტრს რამდენიმე ხნის წინ გაკეთებულ განცხადებას ახსენებენ, როდესაც მან ტყიბულელ მუშებს ცხოვრების პირობების გაუმჯობესების დაპირება მისცა. 

ქალბატონი თურნავა ბრძანდებოდა ჩვენთან და ახალი კომპანია, რომელიც არის შემოსული ჩვენთან, მათი თანხმობით იქნა ნათქვამი, რომ 2020 წლის მეორე დეკადიდან მეშახტეებს უნდა მომატებოდათ ხელფასი, რაც ასრულებული არ არის. ამიტომ სახელმწიფო და კომპანია, ორივე ერთად შეჯერდნენ და ამ ხალხს მოუმატონ ხელფასი ამ გაჭირვების პერიოდში, - ამბობს მეშახტე ხვიჩა გაბუნია.

აქციის მონაწილეები პრემიერს საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით გაცემული დაპირების შესრულებასაც სთხოვენ. მეშახტეები ასევე მუშაობის გაუსაძლის პირობებზე ლაპარაკობენ. 

აქციის მონაწილეებს მაღაროს ადმინისტრაციიდან პასუხი ჯერჯერობით არ მიუღიათ, შესაბამისად, უცნობია როდის გაგრძელდება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სამუშაოები.  

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი