დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში ორსული საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა. 19 წლის გოგოს ოჯახი მომხდარში ექიმებს ადანაშაულებს.
მათი ინფორმაციით, სესილი ბუბუტეიშვილის მდგომარეობა საკეისრო კვეთისას დამძიმდა და მას გული გაუჩერდა, თუმცა ექიმებმა მისი მდგომარეობიდან გამოყვანა და გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვლილის ოჯახი ვარაუდობს, რომ გართულების მიზეზი ნარკოზის გადაჭარბებული დოზა გახდა.
ოჯახი ითხოვს, ანესთეზიოლოგს შეუჩერდეს უფლებამოსილება იქამდე, ვიდრე საბოლოო დასკვნა გახდება ცნობილი.
რეგულირების სააგენტოში აცხადებენ, რომ დაწყებულია მოკვლევა და დასკვნა 2 თვეში გახდება ცნობილი, რის შედეგადაც გაირკვევა, ჰქონდა თუ არა ადგილი ექიმის შეცდომას.
ახალშობილი ჯანმრთელი დაიბადა. შემთხვევა 30 დეკემბრის ღამეს მოხდა.
ავტორი: ემა გოგოხია