ზარქუას აზრით, "არასწორი ინფორმაციის შედეგია", რომ UNESCO-მ მოკლული ჟურნალისტების სიაში ლაშქარავა შეიყვანა

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი ზარქუას თქმით, UNESCO-ს მხრიდან ლექსო ლაშქარავას მოკლული ჟურნალისტების სიაში შეყვანა, არასწორი ინფორმაციის შედეგია.

თემაზე საუბრისას ზარქუამ ყურადღება გაამახვილა, UNESCO-ს მიერ მითითებულ თარიღზე. სიაში ლაშქარავას მკვლელობის თარიღად 2021 წლის 5 ივლისია მითითებული. ზარქუას თქმით, მონაცემები არასწორია, რადგან ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა და ეს მიანიშნებს, რომ UNESCO-ს სია "არასწორი ინტერპრეტაციაა".

"არასწორი ინფორმაციის შედეგი იყო ეს. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი იყო, არ ვიცი, რატომ გამოგრჩათ, 5 ივლისს კი არ გარდაცვლილა ბატონი ლაშქარავა, როგორც იქ წერია, არამედ 11 ივლისს და ესეც მიუთითებს, რომ შეცდომაა და არასწორი ინტერპრეტაცია გაკეთდა. არავის მისცეთ ინტერპრეტაციის საშუალება, ის რაც მოხდა არის ტრაგედია, მიუღებელია ძალადობა, თუმცა გარდაცვალება რომ მიაწეროთ...ეს არასწორია და გამოძიებამაც ამას პასუხი გასცა",- თქვა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, ​UNESCO-მ მსოფლიოში მოკლული ჟურნალისტების სიას ლექსო ლაშქარავა დაამატა. მათ მიერ გავრცელებულ მონაცემების თანახმად, ლაშქარავა 5 ივლისს მოკლეს.

ლექსო ლაშქარავას 5 ივლისს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა სასტიკად სცემეს. მას რამდენიმე წუთის განმავლობაში არაერთი პირი ურტყამდა, ლაშქარავას სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული და ოპერაცია დასჭირდა. ის 11 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს.

შსს-მ გარდაცვალების შემდეგ, ლექსოს წინააღმდეგ შავი კამპანია აწარმოა და საზოგადოებას სასტიკად ნაცემი ოპერატორის გარდაცვალების მიზეზად ნარკოტიკის ზედოზირების ვერსია მიაწოდა. მიუხედავად შსს-ს განცხადებებისა, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან 6 თვის თავზე ექსპერტიზის პასუხი უცნობია.

ამ დროისთვის ლექსო ლაშქარავას ცემისთვის 4 პირია დაკავებული, თუმცა ჯერ ისევ თავისუფლებაზე არიან 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები. 

მათ დასჯას მედიის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები ამ დრომდე ითხოვენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი