UNESCO-ს მოკლული ჟურნალისტების სიას, რომელსაც ლექსო ლაშქარავა დაემატა, ლაშქარავას დედა ეხმაურება და ამბობს, რომ მან ისედაც კარგად იცოდა, რომ მისი შვილი ძალადობის მსხვერპლი გახდა.
"ისტორიას რომ არ ჩაეწერა, ძალიან კარგად ვიცი, რაც იყო მიზეზი. დაუმტვრიეს ძვლები და ადამიანს არ ჰგავდა. კარგად ვიცი როგორც მოკვდა, რა ნარკოტიკი, მე სულელი ხო არ ვიყავი",- თქვა თინათინ კახიძემ.
ცნობისთვის, UNESCO-მ მსოფლიოში მოკლული ჟურნალისტების სიას ლექსო ლაშქარავა დაამატა. მათ მიერ გავრცელებულ მონაცემების თანახმად, ლაშქარავა 5 ივლისს მოკლეს.
ლექსო ლაშქარავას 5 ივლისს ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა სასტიკად სცემეს. მას რამდენიმე წუთის განმავლობაში არაერთი პირი ურტყამდა, ლაშქარავას სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული და ოპერაცია დასჭირდა. ის 11 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს.
შსს-მ გარდაცვალების შემდეგ, ლექსოს წინააღმდეგ შავი კამპანია აწარმოა და საზოგადოებას სასტიკად ნაცემი ოპერატორის გარდაცვალების მიზეზად ნარკოტიკის ზედოზირების ვერსია მიაწოდა. მიუხედავად შსს-ს განცხადებებისა, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან 6 თვის თავზე ექსპერტიზის პასუხი უცნობია.
ამ დროისთვის ლექსო ლაშქარავას ცემისთვის 4 პირია დაკავებული, თუმცა ჯერ ისევ თავისუფლებაზე არიან 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები.
მათ დასჯას მედიის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები ამ დრომდე ითხოვენ.