იძულებითი შვებულება 1200-მდე თანამშრომელს - პანდემიის შედეგი "ტავ ჯორჯიაში"

გამოქვეყნდა:

"ტავ ჯორჯიას" 1200-მდე თანამშრომელმა მოულოდნელი გზავნილი მიიღო, შეტყობინებაში ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დასაქმებულებს შვებულების დაწერისკენ მოუწოდებდა. აღმოჩნდა, რომ იძულებით უნდა მოეწერათ ხელი დოკუმენტზე, რომლითაც უფასო შვებულებას ითხოვდნენ. ვისაც შეტყობინება მეილზე არ მიუვიდა, ის საგენგებო თათბირზე დაიბარეს და უთხრეს, რომ შვებულება ნებაყოფლობითი ვერ იქნებოდა და აუცილებლად უნდა გასულიყვნენ. 

კონფიდენციალური წყარო "მთავარ არხს" უყვება, რომ ადმინისტრაციის უფროსებმა თანამშრომლები არაანაზღაურებად შვებულებაში იძულებით გაუშვეს, მარტის შემდეგ, თვეში ერთი კვირის ხელფასს იძულებით, თუმცა იურიდიულად საკუთარი სურვილით ათმობინებენ. მიმოწერაში კარგად ჩანს, რომ ვინც ამ ფაქტზე ღიად ისაუბრებს შესაძლოა სამსახურიც დაკარგოს. როგორც ირკვევა, "ტავ ჯორჯიამ" კორონა პანდემიის დროს ზარალის შემსუბუქება თანამშრომლების ჯიბის ხარჯზე გადაწყვიტა.

შვებულებების თემა თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში მკაცრად დახურულია, "მთავარი არხის" გამოჩენის შემდეგ "ტავ ჯორჯიას" თანამშრომლები გადამღებ ჯგუფთან საუბარს ერიდებოდნენ. კომენტარის გაკეთება არ ისურვეს კომპანიის ხელმძღვანელებმა, მოგვიანებით პასუხი ფურცლის ერთ გვერდზე დაატიეს სადაც წერია, რომ არაანაზღაურებადი შვებულებები თანამშრომლებმა ნაბაყოფლობით აიღეს. 

რატომ გადაწყვიტა "ტავ ჯორჯიამ" თანამშრომლების რეკეტი სწავლობენ არასამთავრობო სექტორშიც. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტები ამბობენ, რომ უხელფასო შვებულების პრაქტიკის დამკვიდრებას ხელი პრემიერმინისტრმა კორონა ვირუსის პანდემიის დროს საკუთარი განცხადებებით შეუწყო. აეროპორტების მმართველი კომპანია კი ამ პრაქტიკის უპირობო შემსრულებელი აღმოჩნდა.

სპეციალისტებს ეჭვი აქვთ, რომ "ტავ ჯორჯია" ამ უკანონო გადაწყვეტილებაში დამოუკიდებელი არ იქნებოდა. რადგან თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ქვეყნის სტარატეგიული ობიექტია, სახელმწიფო მის მენეჯმენტს მკაცრად უნდა აკონტროლებდეს. მაშინ, როდესაც "ტავ ჯორჯიას" გასული წლის მოგება 150 მილიონებს აჭარბებს წელს თანამშრომლებისგან ხელფასის 25 პროცენტის დათმობის პრობლემა არ უნდა ჰქონოდა. ამიტომ, სპეციალისტები საქმეში ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ. 

რა რეაგირება ექნება ეკონომიკის სამინისტროს "ტავ ჯორჯიას" გადაწყვეტილებაზე ჯერ უცნობია, თუკი ნათია თურნავას უწყება მომხდარით არ დაინტერესდება, მაშინ გამოდის, რომ მთავრობაც ხელს აწერს "ტავ ჯორჯიას" 1200 თანამშრომელს კორონა კრიზისის დროს ხელფასის 25 პროცენტი წაართვას, რაც საერთო ჯამში მინიმუმ მილიონ ნახევარ ლარს აჭარბებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი