Human rights watch 2021 წლის შემაჯამებელ ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში საუბარი საქართველოსაც შეეხო. ანგარიშში ნათქვამია, რომ გასულ წელს, ქვეყანაში ადამიანების დაცვის თვალსაზრისით უკუსვლა იყო.
"2021 წლის განმავლობაში ქართული ოცნების ხელისუფლებისა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე დაპირისპირების ფონზე, საქართველომ ადამიანის უფლებათა რიგ სფეროში უკუსვლა განიცადა", - ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტში საუბარი შეეხო ევროკავშირის განცხადებას, რომლის თანახმადაც, 75 მილიონი ევროს მისაღებად საქართველომ ვერ შეასრულა მართლმსაჯულების რეფორმების პირობები.
ანგარიშში ცალ-ცალკეა განხილული შემდეგი საკითხები:
ადგილობრივი არჩევნები
დოკუმენტში საუბარია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ოპოზიციის ბოიკოტზე, შარლ მიშელის დოკუმენტზე, ასევე ქართული ოცნების მხრიდან დოკუმენტის ანულირებასა და არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებაზე. ნახსენებია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების საკითხიც.
სამართალდამცველების მიერ დანაშაულების არაეფექტიანი გამოძიება
ანგარიშში ნათქვამია, რომ სამართალდამცავთა დაუსჯელობა მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების შემთხვევებზე გადაუჭრელ პრობლემად დარჩა.
ანგარიში ნათქვამია, რომ 2021 წლის მდგომარეობით, ომბუდსმენს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატისთვის 133 საჩივარი ჰქონდა გაგზავნილი პოლიციელებისა და ციხის თანამშრომლების შესაძლო დანაშაულის შესახებ.
საუბარი შეეხო 2021 წლის თებერვალში ენმ-ს ოფისში პოლიციელების შეჭრასა და პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას.
საუბარი იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე, რითაც გამკაცრდა სანქციები წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობაზე.
ამავე ნაწილში საუბარი შეეხო სახელმწიფო უსაფრთხოების ფაილების გაჟონვას, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ფაილებში მოხვდა ქართველი ჟურნალისტების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, საჯარო მოხელეებისა და უცხოელი დიპლომატების პირადი საუბრები.
მედიის თავისუფლება
"ჟურნალისტებმა და მედიის წარმომადგენლებმა განიცადეს არაერთი მუქარა და თავდასხმა 2021 წელს" - ნათქვამია დოკუმენტში. ანგარიშში საუბარი შეეხო ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტ, ვახო სანაიას მიმართ განხორციელებულ თავდასხმას, ასევე 5 ივლისის მოვლენებს, რა დროსაც 53 ჟურნალისტი დაშავდა. საუბარი იყო ტვ პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე და ნათქვამია, რომ მისი გარდაცვალებიდან მერვე დღეს, ხელისუფლებამ ნარკოტიკით ზედოზირებაზე საუბარი დაიწყო..
ანგარიშში მოხვდა კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მხრიდან მთავარი არხის ჟურნალისტის მიკროფონის წართმევა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ წულუკიანმა ჟურნალისტს მიკროფონი მისთვის "უსიამოვნო" შეკითხვის საპასუხოდ წაართვა.
გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაცია
დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2021 წლის 5 ივლისს თბილისის პრაიდის წევრებს დაგეგმილი მარშის გაუქმება მოუწიათ, მას შემდეგ რაც ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა ჟურნალისტებზე იძალადეს და მათი ოფისები დაარბიეს. დოკუმენტში წერია, რომ მოძალადე ჯგუფები პრაიდის მონაწილეებს ქალაქში დასდევდნენ. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ 5 ივლისს მომხდარში საზოგადოება პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ადანაშაულებს. ასევე საუბარია პრაიდის წინ პრემიერის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ მისი ჩატარება "მიზანშეწონილი არ არის".
ბავშვთა უფლებები
დოკუმენტში საუბარი შეეხო საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში განვითარებულ მოვლენებზე და ამასთან დაკავშირებით ომბუდსმენის განცხადებებზე. ასევე საუბარი იყო სახალხო დამცველის მხრიდან პანსიონში მონიტორინგის განხორციელებაზე უარის თქმაზე. ასევე ნათქვამია, რომ პანდემიის გამო სკოლები დახურული იყო და სწავლა ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა, რის გამოც UNISEF-ის შეფასებით, 50 000-ზე მეტ ბავშვი განათლებაზე წვდომის გარეშე დარჩა.
შრომითი უფლებები
დოკუმენტში ნათქვამია, რომ მიუხედავად რეფორმებისა შრომითი უფლებები კვლავ შეშფოთების საკითხად რჩება. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების საკითხი კვლავ პრობლემად რჩება.