რუსთავის ციხეში საქართველოს მესამე პრეზიდენტი ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ მოინახულა. შეხვედრის შემდეგ უფლებადამცველმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს მაგნიტო რეზონანსული გამოკვლევა სჭირდება, რათა დადგინდეს, განგრძობადია თუ არა ენცეპალოპათია და ამ მხრივ მკურნალობა დაიგეგმოს.
მისივე თქმით, ექიმები ამბობენ, რომ კვლევის გარეშე, მდგომარეობა შესაძლოა, ნებისმიერ დროს გართულდეს და მძიმე შედეგები დადგეს.
"მას სჭირდება MRI (მაგნიტო რეზონანსული) გამოკვლევა, რათა დადგინდეს, ენცეპალოპათია დასრულებულია და მისი შესაბამისი შედეგების მიხედვით დაიგეგმოს მკურნალობა თუ განგრძობადია. ამის საშუალება მას დღემდე არ ეძლევა. ამიტომ ეს არ არის სახუმარო თემა. როგორც ექიმები განმარტავენ, შესაძლო გართულებამ შეიძლება ნებისმიერ დროს იჩინოს თავი და დასრულდეს ძალიან მძიმე შედეგებით. მიუხედავად ამ საფრთხისა და ამ რისკისა, სასჯელაღსრულების სისტემა მთელი ამ ხნის განმავლობაში თავს არიდებს მისთვის მაგნიტო რეზონანსული გამოკვლევის გაკეთებას", - თქვა გიორგი მშვენიერაძემ.
ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტი ციხეში დღეს უკრაინელმა ადვოკატებმაც მოინახულეს. მათ თქვეს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ წამებისა და მისი ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.