ჩამოშლილი ბათქაში, დაბზარული კედლები, ავარიული ჭერი და იატაკი - ქუთაისში, გაპონოვის ქუჩაზე, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობაში მაცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. სახლის ნაწილი 3 თვის წინ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ჩამოინგრა, მას შემდეგ კი ადგილობრივებს ცხოვრება შიშის ქვეშ უწევთ.
სახლს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს, რის გამოც ადგილობრივებს მისი გარემონტების უფლება არ აქვთ, ხელისუფლებამ კი რეაბილიტაციისთვის თანხები ამ დრომდე ვერ მოიძია.
"აქ ცხოვრება შეუძლებელია, ცვივა ქვები, ხედავთ როგორ არის დანგრეული და დაშლილი კედელი, არის მოწყობილი სასაკლაო, აქ რომ გაივლის ადამიანი, გადმოვარდება ქვა და მოკლავს", - ამბობს ადგილობრივი.
ქუთაისში, გაპონოვის ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ თუ ფაქტზე რეაგირება სწრაფად არ მოხდება, შემთხვევა შესაძლოა ტრაგედიით დასრულდეს.