ქუთაისში გაუწმენდავი გზების გამო მსუბუქი ავტომობილები და ტრანსპორტი შეზღუდვებით მოძრაობს. არის ავტომობილების დაზიანების შემთხვევებიც. ქვეითად მოსიარულეები აცხადებენ, რომ ტროტუარზე მათი სიარული საფრთხის შემცველია, ისინი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მერია მოსახლეობის საჭიროებებს ადეკვატურად ვერ პასუხობს.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" დამფუძნებლის თქმით, პრობლემის მოსაგვარებლად ბიუჯეტიდან დიდი თანხებია გამოყოფილი, თუმცა მაშინ, როცა ქალაქში თოვლი პრობლემას ქმნის, მის აღმოსაფხვრელად არაფერი კეთდება.
"როცა პრობლემებს თოვლი ქმნის უშუალოდ ქალაქის ქუჩებში, ხედავთ, რომ ქალაქის მერიის წინ ვიმყოფებით და პრაქტიკულად ყველა ისვენებს. არაფერი კეთდება იმისთვის, რომ ადამიანების უსაფრთხოდ გადაადგილება იყოს უზრუნველყოფილი, პრაქტიკულად კავშირი შეწყვეტილია გარეუბნებსა და ქალაქის ცენტრს შორის და ვერ ვხედავთ, მათ შორის იმ ორ კამაზს, რომელიც რუსეთიდან სპეციალურად დიდი ხნის წინ ჩამოიყვანეს და ბიუჯეტიდან დიდი თანხა გადაგვახდევინეს.
დიდი ფულია გაწერილი ოფიციალურად ფურცლებზე, როცა ყველაფერი ჩაივლის, მაგრამ იმ დროს, როცა თოვლი პრობლემებს ქმნის, არაფერი კეთდება პრობლემების აღმოსაფრხვრელად",- თქვა თორნიკე ბარათაშვილმა.
ინტენსიური თოვის გამო მძიმე მდგომარეობაა ზემოიმერეთშიც.