გაფიცული სოციალური აგენტები ჯანდაცვის სამინისტროს შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ. 400-მდე თანამშრომელი დღეიდან სამსახურეობრივ უფლებამოსილებას უკვე აღარ ასრულებს და ამბობს, რომ მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე, პროტესტის ამ ფორმას არ შეწყვეტს.
მთავარი მოთხოვნა პირობების გაუმჯობესება და ხელფასების 100%-იანი მატებაა, რასაც მათი თქმით, სამინისტრო წლებია ჰპირდებათ. სოც. აგენტები ამბობენ, რომ უწყების მიმართ ნდობა უკვე აღარ აქვთ, რადგან დაპირება ხელფასის ზრდაზე ნოემბერშიც მიიღეს, მაგრამ ამას შემდეგ არაფერი შეცვლილა.
"2009 წლიდან ჩვენ ხელფასები არ მოგვმატებია. გასულ წელს 80-დან გაგვიხდა 200 ლარი და ახლა 60%-ით მატება და 320 ლარზე ასვლა დღევანდელ პირობებში წარმოიდგინეთ რა არის", - ამბობენ სოციალური აგენტები.
აღსანიშნავია, რომ გარდა სოციალური მომსახურების აგენტებისა, მუშაობა საპენსიო სფეროს წარმომადგენლებმაც შეწყვიტეს. ამის გამო, შესაძლოა, ამ თვეში დიდი პრობლემა შეექმნათ პენსიონერებს, რადგან სტრუქტურაში ფაქტობრივად აღარ იქნება ადამიანი, რომელიც პენსიას დაარიგებს.
"ვინც ეხლა გაფიცულია, ეს არის სოციალური პოლიტიკის, სოციალური სისტემის ჯარისკაცები. საფუძველი, რომ სისტემა მუშაობდა. მაგრამ ამ ქვეყანაში არცერთი სისტემა არ მუშაობს. დაწყებული სერგეენკოები, ტიკარაძეები, ყველა რაღაცას გვპირდებოდა და არავინ არაფერი არ გააკეთა", - ამბობს საკრებულოს ფრაქციის "პარტნიორობა თბილისისათვის" წევრი, ვატო სურგულაძე
პროტესტის მონაწილეების მოთხოვნებს ჯანდაცვის სამინისტრო გუშინ განცხადებით გამოეხმაურა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ხელფასები 100%-ის ნაცვლად, 60%-მდე გაეზრდებოდათ, რაც სოც. მუშაკებისთვის მიუღებელია.