ჯანდაცვის სამინისტრო სოციალური აგენტების პროტესტს ეხმაურება. გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ მათი ანაზღაურება თებერვლიდან გაიზრდება.
უწყების ცნობით, თებერვლიდან სოციალური აგენტების ხელფასი 250-ის ნაცვლად 400 ლარი იქნება, ხოლო უფროსი სოციალური აგენტების ანაზღაურება 550-ლარის ნაცვლად 700 ლარი გახდება.
სოციალური აგენტების და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელების შრომის ანაზღაურება თებერვლიდან გაიზრდება. სოციალური აგენტის ხელფასი ორი კომპონენტისგან შედგება - ფიქსირებული და გამომუშავებით ანაზღაურება. გაზრდა შეეხება ორივე კომპონენტს.
სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60% -მდე იზრდება. კერძოდ, 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი - 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი.
ასევე, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ.
სოციალური მომსახურების სააგენტოს დაბალი და საშუალო რგოლის 1000-მდე თანამშრომელს კი შრომის ანაზღაურება 40%-დან 60 %-მდე გაეზრდება, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ცნობისთვის, სოციალური მომსახურების სააგენტოს 400-მდე თანამშრომელი გაიფიცა. ისინი დღეს სამსახურში აღარ გამოცხადნენ და პროტესტის ნიშნად, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ. გაფიცულები ამბობენ, რომ 4-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, მიზანს მაინც ვერ მიაღწიეს და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს უკიდურეს ზომას მიმართონ.