სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების პროტესტი გრძელდება - 400-მდე თანამშრომელი უკვე მეორე დღეა, გაფიცულია. ისინი ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას დღესაც გამართავენ.
სოციალურმა აგენტებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მას შემდეგ მიმართეს რაც 4-თვიანი მოლაპარაკებები ჯანდაცვის უწყებასთან უშედეგოდ დასრულდა. ხელფასების მატება და სამუშაო პირობების გაუმჯობესება - ეს ის მოთხოვნებია, რომლებსაც მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს წლებია არ უკმაყოფილებენ.
პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, გაფიცვას და აქციებს არ შეწყვეტენ.
რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების ნაწილს თებერვლიდან ხელფასის 60%-იან ზრდას სთავაზობს, სოც. აგენტები ამბობენ, რომ ეს შეთავაზება მათთვის მიუღებელია.
"ისევ გაფიცვის რეჟიმში ვიმყოფებით. სამინისტროს შემოთავაზებული პირობები არ არის ჩვენთვის მისაღები, რადგან საერთოდ არ შეუთანხმებიათ ჩვენთვის ისე დადეს. შესაბამისად, გავაგრძელებთ გაფიცვას იქამდე, სანამ არ მიიღებენ ჩვენს პირობებს. სპეციალისტების უფროსი სპეციალისტების, სოც. აგენტების პირობებს. ჩვენი მოთხოვნაა, გაიზარდოს ხელფასები 100%-ით", - ამბობს სოციალური აგენტი, გიორგი ფურელიანი.