"ჩემთვის დღესავით ნათელია, თუ რა გააკეთა მმართველმა ბანდამ გვარამიასთან მიმართებით" - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზების საქმეს. განცხადება მის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა:
ჩემთვის დღესავით ნათელია, თუ რა გააკეთა მმართველმა ბანდამ გვარამიასთან მიმართებით. როგორც ჩანს, ან შემთხვევით ამოუვარდათ მოსმენების დროს, რომ ქილერების ჯგუფი იყო შემოსული ან უცხოელებმა უთხრეს. გადაწყვიტეს, რომ "გაუბაზრდებოდათ" რომ იცოდნენ და არაფერი გააკეთეს. ამიტომ, იძულებული გახდნენ, ნიკა გაეფრთხილებინათ. თუმცა, რუსებს რომ ვერ დაიჭერდნენ, ისინი საზღვარზე ჩუმად გადააპარეს. ვიცით, რომ ჩემგან და ჩვენი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ამათი პრინციპია - "არცერთი დაპატიმრებული რუსი აგენტი".
მაგალითად, უკრაინის უშიშროების სამსახური, თავის თანამშრომლებს საქართველოში მოგზაურობის რეკომენდაციას არ აძლევს, ვინაიდან საქართველო ითვლება რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან მომატებული საფრთხისშემცველ ტერიტორიად.
რამდენიმე მცოდნემ, მათ შორის ჩეჩენმა დისიდენტებმა, გვითხრეს, რომ გვარამიას შესაძლოა თავს ესხმოდნენ "სააკაშვილის დასაშინებლად". ჯერ ერთი, ნიკა თვითონაც ძალიან დიდი ფიგურაა და ყელში ჰყავს გაჩხერილი პრორუსებს და მეორეც, თუ ეს მართალია, რომ ეს რამენაირად შეხებაშია ჩემთან, მაშინ კარგად იხსნება, თუ ვის საამებლად განახორციელეს ჩემი წამება და შემდეგ კადრების გასაჯაროება და ვისი დაკვეთით ხდება ჩემთვის საჭირო მკურნალობაზე უარის თქმა და ამგვარად ჩემი ფიზიკური განადგურება!, - წერს მიხეილ სააკაშვილი.