ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციისთვის ახალი ტენდერი გამოცხადდა - 4 წლის წინ ჭერის ჩამონგრევის ფაქტზე, დღემდე არავინ დასჯილა

გამოქვეყნდა:

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციისთვის ₾7-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა. ოპოზიციის შეფასებით, უკვე 4 წელია, რაც მეტროსადგურზე ჭერის ჩამონგრევის ფაქტზე, არავინ დასჯილა და ადგილზე არც აღდგენითი სამუშაოები ჩატარებულა.

ახალი ტენდერის უკან პოლიტიკოსები კიდევ ერთ კორუფციულ გარიგებას ხედავენ და ამბობენ, რომ ვარკეთილის გარდა, პრობლემად რჩება მეტროსადგურ "გოცირიძის" რეაბილიტაციის საკითხიც, სადაც სარემონტო სამუშაოები უკვე წლებია, დაუსრულებლად მიმდინარეობს, მისი გახსნა კი დედაქალაქის მერიამ რამდენჯერმე გადადო.

"პრობლემაა ის, რომ თავის დროზე არ იყო კარგად გაკეთებული და იმიტომაც ჩამოვარდა ვარკეთილის მეტროში ჭერი. ჩვენდა სამწუხაროდ, 4 წლის თავზე არავინ დასჯილი არ არის ამ მიმართულებით, პასუხისმგებლობა არავის აუღია მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დიდი ეჭვი მაქვს, ან ეს ტენდერი გაიყვანონ ბოლომდე ან ეს საქმე მიიყვანონ მარტივი რამის გამო, გარეთ ვერ აშენებენ ვერაფერს, რამდენიმე ბაღი ვერ დაასრულეს ბოლომდე და შესაბამისად, ის რომ ვარკეთილის მეტროში ჭერს დაკიდებენ, იმედი არ მაქვს, თუმცა ტენდერი რომ გამოაცხადეს და აქამდე მაინც მივიდნენ, ესეც არ არის ცუდი. საბოლოო ჯამში, სავარაუდოდ, ამასაც გამოიყენებენ კორუფციული გარიგებისთვის", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, 2018 წელს ვარკეთილის მეტროში ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა.

ჩამონგრევას წინ უსწრებდა სარემონტო სამუშაოები, რომელიც შპს ყვარელმშენმა ხუთი თვით ადრე, 10-წლიანი გარანტიით დაასრულა.

"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, მანამდე, 2015 წელს შპს ყვარელმშენი ე.წ. შავ სიაში იყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. შავ სიაში ყოფნის ერთწლიანი ვადა “ყვარელმშენს” ვარკეთილის ტენდერის გამოცხადებამდე სამი დღით ადრე გაუვიდა.

ორგანიზაციის ცნობით, ვარკეთილის შემდეგ, კომპანიას კვლავ მოაგებინეს 4 ტენდერი, მათ შორის საჯარო სკოლის რემონტი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა. დაარსებიდან დღემდე, ჯამში “ყვარელმშენს” 1.5 მილიონი ლარის შეკვეთები აქვს მიღებული ბიუჯეტიდან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი