ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრებ დევნილებს ფოსტით წერილები გაუგზავნა.
წერილები, სადაც ბინებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით სამინისტროს მორიგ დაპირებაზეა საუბარი, დევნილებმა პროტესტის ნიშნად არ ჩაიბარეს და დახიეს.
ისინი ამბობენ, რომ მსგავსი დაპირებები არაერთხელ მიიღეს, თუმცა ამის მიუხედავად, პრობლემა დღემდე მოუგვარებელია.
ცნობისთვის, დევნილები "ქართულ ოცნებას" ფართით უზრუნველყოფას წლებია სთხოვენ. მოლაპარაკებები ყოველ ჯერზე დაპირებითა და შეუცვლელი რეალობით სრულდებოდა. შენობა, რომელშიც დევნილები წლების წინ შეასახლეს ავარიულია, ნებისმიერ დროს კორპუსი შესაძლოა ჩამოინგრეს.
მთავრობის ყურადღების მისაქცევად, იძულებით გადაადგილებულმა პირებმა პროტესტი დაიწყეს, თუმცა მძიმე სოციალურ ფონს სანატორიუმში მცხოვრებმა 52 წლის კაცმა ვერ გაუძლო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
მომხდარის გამო დევნილებმა პროტესტი დროებით შეწყვიტეს. მას შემდეგ, რაც გარდაცვლილს დაკრძალავენ, ისინი საპროტესტო აქციების გამართვას გააგრძელებენ და იქამდე არ შეწყვეტენ, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება.