პროტესტი სულ უფრო მწვავდება და ხელისუფლება იძულებულია მოლაპარაკებებში ჩაერთოს. 500-ზე მეტი სოციალური აგენტი დღეს ქუჩაში კვლავ უცვლელი მოთხოვნით გამოვიდა - ხელფასების მატება და ღირსეული სამუშაო პირობები.
მასშტაბური საპროტესტო აქციისა და მთავრობის ადმინისტრაციაში მისვლის მიუხედავად, პრემიერმინისტრმა და ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა არ ისურვეს სოციალურ მუშაკებთან შეხვედრა. თუმცა გაფიცულების ურყევმა პოზიციამ და პროტესტის მასშტაბების ზრდამ სამინისტროს გადაწყვეტილება შეაცვლევინა. მაშინ როდესაც ათასობით ბენეფიციარი გაფიცვის გამო სოციალური სერვისის გარეშეა დარჩენილი და იმ ფონზე, რომ თბილისურ გაფიცვას დღეს ბათუმიც შეუერთდა, ჯანდაცვის სამინისტრო მოლაპარაკებების მორიგ ეტაპს დათანხმდა.