ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაია გაფიცული სოციალური აგენტების საინიციატივო ჯგუფს შეხვდა. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს და წერს, რომ უწყებამ სოც მუშაკებს გააცნო ის ინფორმაცია, რომ მათი ფიქსირებული ანაზღაურება 60%-მდე გაიზარდა. მათი ხელფასი 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდა, უფროსი სოციალური აგენტის კი - 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი.
თავად სოციალური აგენტები კი შეხვედრის შესახებ არ საუბრობენ.
ცნობისთვის, 500-მდე სოციალური აგენტი უკვე მე-5 დღეა, გაფიცულია. ისინი 20 იანვარს მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ და პრემიერმინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილი მათ არ შეხვდა.