"თავი გაწირა ჩვენი შვილების სიცოცხლის გადასარჩენად" - დევნილებმა გარდაცვლილი ზურაბ ქირია უკანასკნელ გზაზე გააცილეს

გამოქვეყნდა:

გლოვის დღე დევნილთა დასახლებაში - სანატორიუმ "ქართლში" გარდაცვლილი ზურაბ ქირია ცოტა ხნის წინ უკანასკნელ გზაზე გააცილეს.

52 წლის მამაკაცმა უმძიმესი სოციალური მდგომარეობისა და ხელისუფლების გულგრილობის გამო, სიცოცხლე თვითმკვლელობით რამდენიმე დღის წინ დაასრულა.

გლოვის ნიშნად, დევნილებმა ავარიულ კორპუსზე, რომელიც ყოველდღე სულ უფრო მეტად ინგრევა, შავი ლენტი გადმოფინეს, წარწერით - "იქნებ თქვენ მაინც "გეშველოთ". სწორედ ეს იყო ზურაბ ქირიას ბოლო სიტყვები.

ადგილობრივები ამბობენ, რომ გარდაცვლილმა თავი მათი პრობლემის მოსაგვარებლად გაწირა და არ დაუშვებენ, მომხდარმა უშედეგოდ ჩაიაროს. ისინი საპროტესტო აქციებს ორშაბათიდან გააგრძელებენ და იქამდე არ შეწყვეტენ, სანამ ხელისუფლება ბინებით არ უზრუნველყოფთ.

"ზურას შემთხვევა არ იყო უბედური შემთხვევა, ისინი [ხელისუფლება] თვითონ არიან ჩვენი უბედურება იმის გამო, რაც დატრიალდა. ამ ადამიანმა, ეს ყველაფერი თავისი ადამიანობით დაამტკიცა, ყველას საშველად. ყველას არ აქვს ის ვაჟკაცობა რაც ზურამ გააკეთა და თავი გასწირა ჩვენი შვილების სიცოცხლის გადასარჩენად. ორშაბათიდან ვართ ქუჩაში. ყველანაირი ძალით, ყველას მივადგებით სადაც საჭიროა", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი, ლეილა კარტოზია.

პირველი აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან გაიმართება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მომხდარს "უბედური შემთხვევა" უწოდა და თქვა, რომ ეს დევნილების პრობლემას არ უკავშირდებოდა.

"ნამდვილად არ დავთმობთ ამ ამბავს და ვერავის მივცემთ უფლებას, მოახდინონ დისკრედიტაცია გარდაცვლილის. ასევე, ვერავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ეჭვი შეიტანონ ჩვენს სამართლიანობაში და კანონიერ მოთხოვნაში. ვგულისხმობ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მდუმარედ აკვირდებიან ამ პროცესს", - თქვა აფხაზეთიდან დევნილმა მოქალაქემ, თამარ საუთიევამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი