პოლიციელის ძალადობა შშმ პირზე - ისანის მეტროში გადაღებული უმძიმესი კადრები [video]

გამოქვეყნდა:

უმძიმესი კადრები და სასტიკი ანგარიშსწორება სმენადაქვეითებულ პირზე, რომელსაც არც ესმის და ვერც მეტყველებს - თბილისში, ისნის მეტროსადგურზე პოლიციელი ახალგაზრდას ფიზიკურად გაუსწორდა. სამართალდამცველი მას გამეტებით მხოლოდ იმის გამო ურტყამდა, რომ მის კითხვებს ვერ პასუხობდა. 

ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე პოლიციელს ბიჭის მეგობრები უხსნიდნენ, რომ ახალგაზრდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე იყო, მას არც ესმოდა, არც საუბარი არ შეეძლო და მის კითხვებს ვერ უპასუხებდა.

მომხდარ ძალადობას განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა შსს-მ. უწყებაში ამბობენ, რომ გმობენ მომხდარს, მასალები უკვე გადაუგზავნეს  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რომელმაც გამოძიება პოლიციელის მხრიდან, ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, პირველ რიგში, გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას, უწყებისთვის კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელის მხრიდან ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება, რომელიც შესაძლოა არღვევდეს ადამიანის უფლებებს.

მედიასაშუალებებში მიმდინარე წლის 24 იანვარს გავრცელდა თბილისის მეტროპოლიტენში გადაღებული ვიდეომასალა, სადაც პოლიციელის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტია ასახული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ვიდეომასალის გავრცელებისთანავე დაიწყო ფაქტის მოკვლევა, რომლის ფარგლებში მოპოვებული მასალები უკვე გადაუგზავნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელის მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით დაიწყო.

განცხადებას ავრცელებს ინსპექტორის სამსახურიც:

2022 წლის 24 იანვარს, მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაიწყო გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის მხრიდან განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები." ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი