"თუ პირი არ არის გატესტილი, მაგრამ ჰქონდა სიმპტომები და ოჯახის ექიმი მას მეთვალყურეობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ისინი შესაბამისად აისახებიან ბაზაში "მწვანე პასპორტისთვის" - ამ განცხადებით ამირან გამყრელლიძემ მწვანე პასპორტების მნიშვნელობას აზრი დაუკარგა.
მას შემდეგ, რაც ამ ინფორმაციას სოციალურ მედიაში კრიტიკა მოჰყვა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პოზიცია შეცვალა. გამყრელიძე ამჯერად ამტკიცებს, რომ ბაზების განახლება ხდება და მწვანე ბარათს მიიღებენ ის პირებიც, ვისი მონაცემებიც ამ დრომდე სტატისტიკაში ასახული არ არის.
ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კი ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებისთვის პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ შესაძლოა მწვანე პასპორტი, რომელსაც ეკატერინე ტიკარაძის პრემიერთან დაპირისპირება და გადადგომა მოჰყვა, უახლოეს თვეებში საერთოდ გაუქმდეს.
კიდევ ერთი საკითხი, რასაც ექსპერტები აკრიტიკებენ, შერჩევით ტესტირებას უკავშირდება. ე.წ. სისტემური ტესტირების შეჩერება პირველი თებერვლიდან იგეგმება, რაც იმას ნიშნავს რომ შესაძლოა უსიმპტომო პაციენტები აღარ გაიტესტონ. ექიმები თვლიან, რომ თუ საკოორდინაციო საბჭო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს სტატისტიკას დაამახინჯებს, მოსალოდნელი ცვლილები კი მათი აზრით ქვეყანაში ტესტების მარაგის ამოწურვას უკავშირდება.