კორონავირუსის საფრთხის გამო ჩინეთიდან თბილისისკენ ყველა პირდაპირი ფრენა მარტამდე გაუქმებულია.
პირდაპირი ფრენების გაუქმების მიუხედავად, დღეს თბილისის აეროპორტში ჩინეთიდან მოქალაქეების სიმრავლე იყო.
ე.წ მკვლელი ვირუსის საქართველოში გავრცელების თავიდან ასაცილებლად ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ყველა საზღვარი მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს და ყველა მგზავრი სამედიცინო შემოწმებას გადიოდეს, თუმცა დღეს ვირუსის ქვეყნიდან ტრანზიტული რეისით ჩამოსული არც ერთი პირი არ შეუმოწმებიათ. არც ის უკითხვათ, რომელი ქვეყნიდან მოდიოდნენ და არც ის ჰქონდათ თუ არა რაიმე შეხება ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსის გავრცელების რეგიონთან.
სავარაუდოდ, არავის შეუმოწმებია ბათუმში ჩინეთიდან ჩასული ორი ტურისტი, რომლებსაც ვირუსის სიმპტომები ჰქონდათ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ მათ კორონავირუსი არ აქვთ და საფრთხის მატარებლები არ არიან. ვიზიტორები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან, თუმცა ამ დრომდე გასაიდუმლოებულია ის სასტუმრო, სადაც ტურისტები ცხოვრობენ.
ჩინეთში კი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 132-მდე გაიზარდა, 5900 ინფიცირებულიდან კი 1100 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია.
ვუჰანის პროვინციიდან ხალხის ევაკუაცია იგეგმება, ამის შესახებ „მთავარ არხს“ ინფორმაციას იქ მცხოვრები ქართველები აწვდიან. იმის მიუხედავად, რომ მდგომარეობა პროვინციაში მძიმეა და საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერებული, ჩინეთიდან სამშობლოში დაბრუნებას არ აპირებენ სასწავლებლად წასული სტუდენტები. ამბობენ,რომ დაინფიცირების შემთხვევაში საქართველოს ჯანდაცვის იმედი არ აქვთ და ურჩევნიათ ჩინეთში იმკურნალონ.
დღეს პირველად ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გადადება დაფიქსირდა გერმანიაში, სადაც 4 შემთხვევა უკვე გამოვლენილია. ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ჩინეთის მიმართულებით ფრენები აკრძალა ევროპის ქვეყნების ნაწილმა. საჰაერო სივრცე პირდაპირი რეისებისთვის დაკეტა ბრიტანეთმაც.