ქურდული გარჩევა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების მონაწილეობით სამართალდამცველების შესარიგებლად - უპრეცედენტო შემთხვევა გორში გიორგი კანდელაკის რესტორანში, სტალინის სახელობის კუპეში მოხდა, სადაც საქეიფოდ მისული პოლიციელები, ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ;
ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ სამართალდამცველების გაშველება ვერავინ შეძლო, რის შემდეგაც საქმეში, "კრიმინალური ავტორიტეტები" ჩართეს; პოლიციელები ერთმანეთს სწორედ "ქურდული სამყაროს" წევრებმა შეარიგეს;
სამართალდამცველების "შავი" საქმეების ჩაფარცხვას, ახლა მათივე კოლეგები დუმილით ცდილობენ და მომხდარის შესახებ საუბარი არ სურთ. წაშლილია იმ კამერების ჩანაწერებიც, რომელიც რესტორნის პერიმეტრს და სტალინის კუპეს აკონტროლებს.
"მთავარის" წყაროს ინფორმაციით შემთხვევა 15 იანვარს მოხდა - სამართალდამცველები ძველით ახალ წელს აღნიშნავდნენ.
წყარომ კონკრეტული გვარები მოგვაწოდა. მისი ცნობით ჩხუბში პირადად იყო ჩართული შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის მოქმედი უფროსი ილია კვაღინაძე. ის ამ დრომდე გახარიას გუნდის წევრად მოიაზრება, ცნობილია რომ კვაღინაძე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის კურსელია და თანამდებობაზეც მან დანიშნა. კვაღინაძე "მთავარის" სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, ის არც სახლში დაგვხვდა.
წყაროს ინფორმაციითვე, რესტორან "ჟოზეფში" მომხდარ ჩხუბში ასევე მონაწილეობდნენ შიდა ქართლის სუსის უფროსი ოთარ ნონიკაშვილი, გორის პოლიციის უფროსის მოადგილე ლექსო სუხიშვილი და დეტექტივების სამმართველოს უფროსი შალვა ჯინიყაშვილი მეტსახელად კასპელი შაკო.
წყაროს ინფორმაციით, რამდენიმე წლის წინ, როცა ის აჭარის პოლიციაში მუშაობდა, პოლიციის მანქანით ნასვამ მდგომარეობაში გადაადგილდებოდა და რაციაში ყვიროდა რომ "კასპელი შაკო" იყო. ეს გასეირნება ჯინიყაშვილს მაშინ თანამდებობის დაკარგვად დაუჯდა.
დაიწყება თუ არა გამოძიება ჯერ ჯერობით უცნობია. შსს მომხდარზე განმარტებას არ აკეთებს დაპირისპირებაში მონაწილე პოლიციელები კი ამ დრომდე თანამდებობას ინარჩუნებენ.