ხმაური ნატახტარში - ადგილობრივი მცხოვრებლები სასმელი წყლის არარსებობას აპროტესტებენ. ნატახტრის მოსახლეობა უკვე ერთი თვეა წყლის გარეშეა დარჩენილი. მიზეზი ჭაბურღილის დაზიანებაა, რომელიც არაერთგზის დაპირების მიუხედავად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვერ მოაწესრიგა.
ბავშვები პატარები გვყავს ყველას. წყალი არ გვაქვს, რომ დავალევინოთ ბავშვებს. დაპირება იცი, რამდენი იყო? შარშანაც იყო დაპირება, ყოველ წელიწადს გვპირდებიან, მაგრამ ჩვენ შედეგი არაფერი გვაქვს, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
აქციის მონაწილეებთან გამგებლის მოადგილე მივიდა. მან მოსახლეობას ჭაბურღილის სამშენებლო სამუშაოების პროექტი წარუდგინა, თუმცა პროექტზე ტენდერი ჯერჯერობით გამოცხადებული არ არის.
არ ჩავარდა ტენდერი, ანუ თუ ვიღაცამ მიიღო მონაწილეობა და ყველაფერი საბუთები დაგვიზუსტა, აუცილებლად დავუდებთ ხელშეკრულებას და მაქსიმალურად მოკლედ ვადაში, პირად კონტროლზე ავიყვან ამბავს, - განაცხადა გამგებლის მოადგილემ.
"მთავარის" კითხვამ, თუ რა ვადა სჭირდება სამშენებლო სამუშაოებს, მერის მოადგილე გააღიზიანა.
ის ვადებია, რაც წყლის სამუშაოებს სჭირდება, - აღნიშნა მთავრობის წარმომადგენელმა.
ადგილობრივი ხელისუფლების დაპირებების ნატახტრის მცხოვრებლებს აღარ სჯერათ. ჭაბურღილის მოწყობამდე ადგილობრივები წყლის მიწოდების ალტერნატიული გზის გამონახვას ითხოვენ. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ისინი ცენტრალური გზის გადაკეტვას აანონსებს.