მეჯვრისხევში ოკუპანტები გამოჩნდნენ - სოფლის სასაფლაო და რამდენიმე სახლი ე.წ. საზღვრის მიღმა რჩება

გამოქვეყნდა:

რუსეთის მხრიდან მცოცავი ოკუპაცია გრძელდება - ოკუპანტებმა ე.წ. ბორდერიზაციის მოსამზადებელი სამუშაოები ამჯერად სოფელ მეჯვრისხევში განახორციელეს.

მათ თეთრი ნიშნულები დატოვეს სოფლის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, რაც იმის მანიშნებელია, რომ მალე ეს ტერიტორია ე.წ. საზღვრის მიღმა აღმოჩნდება. სასაფლაოს გარდა, ამ ტერიტორიაზე სამი საცხოვრებელი სახლია. 

ადგილობრივები ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში სოფელში ​არსებული ვითარების გასაცნობად არავინ მისულა.

სოფელ მეჯვრისხევში იმყოფებიან ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლები. მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავას ამბობს, რომ ოკუპანტების ქმედებებზე ხელისუფლება რეაგირებას არ ახდენს და ამის გამო, ადგილობრივების მდგომარეობა სულ უფრო მეტად მძიმდება.

"ოკუპანტებმა მეჯვრისხევში დაიწყეს მონიშვნები. ეს არის ბორდერიზაციის წინა მოსამზადებელი სამუშაოები, რომლის მიხედვით, ოკუპანტები გარკვეულ ეტაპზე დაიწყებენ შეღობვას. ხელისუფლება მაქსიმალურად იგნორირებას ამ მოცემულობას, ამბობს, რომ ბორდერიზაცია არ მიმდინარეობს, თუმცა ეს არის ბორდერიზაციის შემადგენელი ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ ეს მონიშვნები გაკეთებულია საოკუპაციო ხაზის შიგნით, ეს არ ნიშნავს, რომ ოკუპანტები ხაზს გააკეთებენ იმ ლენტების ადგილზე. ეს არის მანიშნებელი, რომ ისინი უფრო სიღრმეში შემოვლენ და მეჯვრისხევს წაართმევენ მთლიანად ამ სასაფლაოს.​ პოტენციურად, შესაძლებელია, კიდევ ორი სახლი მოყვეს საოკუპაციო ხაზის შიგნით და ჩვენ მივიღოთ ახალი დათა პაპა, ყველასთვის ცნობილი ფენომენი", - თქვა დავით ქაცარავამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ უკანონო ბორდერიზაციის მოსამზადებელი სამუშაოები არ მიმდინარეობს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე და ეს ე.წ. საზღვრის მიღმა ხდება. თუმცა, ამ სოფელში ჯერჯერობით ე.წ. საზღვარი გავლებული არ არის.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი