სახალხო დამცველის ინფორმაციით, სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს გურჯაანის ფილიალში, პანდუსის არარსებობის გამო, შშმ პირი ვერ შევიდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ამასთან დაკავშირებით ცხელ ხაზს აცნობა, განცხადება ბიუროს თანამშრომელმა ქუჩაში დააწერინა.
ომბუდსმენი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსს მოუწოდებს, უზრუნველყოს როგორც ბიუროს შენობების ადაპტირება, ასევე ყველა მომსახურებისა და ინფორმაციის მისაწვდომობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, განურჩევლად შესაძლებლობის შეზღუდვის ტიპისა.
"განმცხადებელი ცნობის აღების მიზნით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს გურჯაანის ფილიალს ეწვია, თუმცა, ვერ შეძლო შენობაში შეღწევა, ვინაიდან, ბიუროს გურჯაანის ფილიალის შესასვლელში არ არის მოწყობილი პანდუსი. მას შემდეგ, რაც განმცხადებელმა არსებული ბარიერის შესახებ ცხელი ხაზის ოპერატორს აცნობა, ბიუროს თანამშრომელმა მას ქუჩაში გაუტანა ცარიელი ფურცელი და მოკლედ დააწერინა განცხადების ტექსტი.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსმა დაადასტურა, რომ შენობა არ არის აღჭურვილი ეტლით მოსარგებლეთათვის საჭირო საშუალებებით. აქვე აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბიუროს ოფისების უმრავლესობა აღიჭურვა პანდუსებით; ასევე, დაგეგმილია გურჯაანის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების გადატანა სხვა შენობაში, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებზე იქნება მორგებული.
ზოგად წინადადებაში სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა, რომ რამდენადაც მისაწვდომობის ვალდებულება უპირობოა, სახელმწიფო დაწესებულებებისა და კერძო კომპანიების მხრიდან აღნიშნული ვალდებულების უგულებელყოფას გამართლება არ აქვს. გურჯაანის სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების სამომავლოდ სხვა შენობაში გადატანა, არ შეიძლება ჩაითვალოს არსებული დისკრიმინაციული გარემოს გამამართლებელ ფაქტორად, რამდენადაც, სამომავლო ქმედება ვერ ჩაანაცვლებს ყოველდღიურ რეჟიმში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დარღვევას", - ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველის შეფასებით, მნიშვნელოვანია, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებმა კარგად გაითავისონ პასუხისმგებლობა და ვალდებულებები, რასაც მათ კანონმდებლობა აკისრებთ და მაქსიმალური ძალისხმევა გაიღონ იმისთვის, რომ შეძლონ შეთავაზებული სერვისისა თუ მომსახურების შშმ პირებისთვის ადაპტირება.