ქუთაისის მერიამ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის კვების უზრუნველსაყოფად ახალი ტარიფი დაადგინა. ხორციანი სადილის მომზადება უფასო სასადილოში წელს თითქმის შეუძლებელი იქნება, რადგან გაძვირებული პროდუქტების ფონზე, ერთი ულუფისთვის მერიამ 2 ლარი და 25 თეთრი გამოყო.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ სირცხვილია როდესც ქუთაისის მერის ხელფასი 5 500 ლარია, სოციალურად დაუცველი ბენეფიციარების გამოსაკვებად კი თვეში 67 ლარი იხარჯება.
"ქუთაისის მერმა პირველი რაც გააკეთა, გაიორმაგა ხელფასი 5 500 ლარამდე და მთელ ქუთაისს ეწუწუნება, რომ ესეც საკმარისი არ არის. უფასო სასადილოებში 800-მდე ყველაზე გაჭირვებული ადამიანების გამოკვებაზე დღეში იხარჯება 2.25 თეთრი. შიგნით არსებული უმძიმესი სიტუაციის გამო, ვერ ხერხდება ადამიანების გამოკვება ადგილზე. ამის პარალელურად ქუთაისის მერი წელს აპირებს, 400 000 ლარი დახარჯოს მარტო საკუთარი ოფისის ხარჯებისთვის", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიგა შუშანია.
რაც შეეხება უფასო სასადილოების ადმინისტრაციის წარმომადგენლის პოზიციას, ვალერი ვეფხვაძე ამტკიცებს, რომ ზემოხსენებული თანხა ბენეფიციარებისთვის კვებისთვის საკმარისია.
"ყველანაირად მოწესრიგებულია, გათვლილია ადამიანის კალორაჟის მიხედვით", - ამბობს ვალერი ვეფხვაძე.