ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე, თურქი ბიზნესმენის მიერ დაწყებულ უკანონო მშენებლობას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის უკანონობა ბათუმის საქალაქო სასამართლომაც დაადგინა, სამუშაოები ამ დრომდე არ შეწყვეტილა.
ადგილზე მისულ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს დაცვის თანამშრომლები ტერიტორიაზე არ უშვებდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. წინააღმდეგობის მიუხედავად, ენმ-ის წევრებმა შესვლა მოახერხეს.
"გოგოლის ქუჩაზე კვლავ გრძელდება უკანონო მშენებლობა. ამის შესახებ აუდიტის დასკვნაც მეტყველებს. როგორც იცით, სასამართლომ მიიღო დადგენილება მშენებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით, მუნიციპალურმა ინსპექციამ არაერთხელ დააჯარიმა ეს კომპანია, მაგრამ გალიფ ოზთურქს და მის ჩინელ პარტნიორებს ეს არ აინტერესებთ, არც სახელმწიფო ინტერესები აინტერესებთ და კვლავ აგრძელებენ მშენებლობას. რას ემსახურება ეს შენობა ჩვენ არც კი ვიცით, არ იცის აქ მცხოვრებმა ხალხმა და ალბათ დღეიდან გავიგებთ შესაბამის პასუხებს. მერიას მივმართავთ, მიიღოს შესაბამისი ზომები, რომ ქალაქის ცენტრში ასეთი მშენებლობა არ იყოს", - თქვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ალექსანდრე ვარშალომიძემ.
ენმ-ის წევრებმა ადგილზე მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები გამოიძახეს. ინსპექციის თანამშრომლებმა ობიექტი დაათვალიერეს და აღნიშნეს, რომ ობიექტი ამჯერადაც დაჯარიმდება.
გოგოლის ქუჩაზე უკანონო მშენებლობა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ამ დროისთვის აშენებულია კორპუსი მიუხედავად იმისა, რომ ინსპექციამ ობიექტი რამდენჯერმე უკვე დააჯარიმა, პროცესი არ ჩერდება.