წამლების ეს რაციონი მხოლოდ ერთი დღისაა. თუ დათვლა ვერ მოასწარით, გეტყვით, რომ ზუსტად 14 ფირფიტაა. თითოეული აბი, რომელსაც დილას, შუადღისას თუ საღამოს იღებს, ეკასთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
წამლების კი არა, საერთოდ რამის დალევა რომ შეუძლია, ეკას რწმენით, ღვთის ნება და ექიმების მიერ ჩადენილი სასწაულის შედეგია, თუმცა საკუთარი ჯანმრთელობის უკიდურესად გაუარესებასაც, ახალგაზრდა ქალი, კონკრეტული ექიმის გულგრილობასა და მის მიერ ჩადენილ სამედიცინო შეცდომას უკავშირებს.
ეკას თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ასე კატასტროფულად გაუარესების წინაპირობა არ არსებობდა. ორსულობის პერიოდი მშვიდად, ყოველგვარი გართულებებისა თუ საგანგაშო ანალიზების გარეშე მიმდინარეობდა. დაგეგმილ მშობიარობამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე ყველაფერი თავდაყირა დადგა, ის მეან-გინეკოლოგთან კონსულტაციაზე მივიდა.
მშობიარობამდე ცოტა ხნით ადრე, კლინიკაში მისულმა ეკას ოჯახის წევრებმა, ექიმთან გასაუბრება კიდევ ერთხელ მოასწრეს.
ალექსანდრესა და ეკას გოგონა შეეძინათ. ანასტასია მათი პირველი შვილი იყო. მამამ პატარას რამდენიმე სურათი გადაუღო, ტელეფონის ეკრანზე 22 საათი და 35 წუთი დაფიქსირდა. მეუღლესთან დაბრუნებულ ალექსანდრეს ექიმმა სახლში წასვლა ურჩია.
მშობიარობის შემდგომი გართულების გამო "იმედის" კლინიკიდან პაციენტი ღუდუშაურში გადაიყვანეს. რეანიმაციულმა ჩარევამ შედეგი გამოიღო, ექიმებმა ეკას გადარჩენა შეძლეს. მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა ქალი გონზე მოვიდა, ოჯახმა მშობიარობის გართულების მიზეზების მოკითხვა დაიწყო.
ამ არასასიამოვნო სურპრიზის გამო, ახალგაზრდა წყვილმა კლინიკიდან სამედიცინო დოკუმენტაციის გამოთხოვის გადაწყვეტილება მიიღო. აღმოჩნდა, რომ ფურცლებზე არსებული ისტორია, რეალობასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა.
ალექსანდრესთვის საეჭვო აღმოჩდა ავადმყოფობის ისტორიაში არსებული კიდევ ერთი დოკუმენტი და მასზე არსებული მეუღლის ხელმოწერა.
ხელმოწერის შესაძლო გაყალბების გამო, ალექსანდრე ბიბილაშვილმა პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა, ამას გარდა მან განცხადება შეიტანა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოშიც.
განცხადების შეტანიდან თითქმის წელიწადნახევრის შემდეგ იმავე სააგენტოს გუშინწინ კიდევ ერთხელ მივმართეთ. იმის გამო, რომ სააგენტო კვალიფიციური პასუხის გაცემას არ ჩქარობს, საქმის გამოძიება უსშველოდ ჭიანურდება.
ექიმების გადაცდომებისა თუ მათ მიერ დაშვებული უხეში შეცდომების გამო, ამგვარად ან კიდევ უარესად დაზარალებული ოჯახები, სიმართლის დადგენასა და დამნაშავების დასჯას რომ წლობით ელიან უცხო აღარავისთვისაა.