ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში ტყიბულში, შახტში აფეთქების შედეგად დაშავებულების ახლობლები მათი მდგომარეობის გასარკვევად იკრიბებიან. მათი ნაწილი ექიმებს გაესაუბრა, ნაწილს კი ჯერ არ აქვს ინფორმაცია კონკრეტულად როგორია მდგომარეობა.
მეშახტე ზაზა ზარნაძე იხსენებს, რომ შახტაში ძალიან მძიმე სურათი დახვდა - "დამწვარი იყო ხალხი აფეთქების შედეგად, აფეთქება რამ გამოწვია არ ვიცი, არ ვყოფილვარ იქ".
ერთ-ერთი დაზარალებული დედა, რუსუდან არაბიძე ამბობს, რომ დაშავებულებს შორის ერთ-ერთი ირაკლი კირკიტაძე უკვე მესამედ აფეთქდა.
"ეს ბავშვი მუშაობდა, 400 მეტრზე ჩადიან მიწაში. მესამე შემთხვევაა ამ ბავშვისთვის, ირაკლი კირკიტაძისთვის ეს. მდგომარეობა არის სახე დამწვარი, გვერდები, ტანსაცმელში რაც შევიდა სიდამწვრე და ხელები" - ამბობს რუსუდან არაბიძე.
"ხანძარი იყო, დამწვრობა აქვს, ასე თქვეს, რომ იყო დაუდევრობისგან გამოწვეული, რაღაცეები იყო, რასაც ყურადღება არ ჰქონდა მიქცეული აქამდე. ზოგადად ძალიან ხშირად ხდება ესეთი რაღაცეები, უნდა მიექცეს ყურადღება, ადამიანები ყოველ დღე ჩადიან საკუთარი სიცოცხლის ფასად, მინიმალური ანაზღაურებით", - ამბობს დაზარალებულის ნათესავი, სალომე ბუაძე.
შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა მინდელის სახელობის შახტაში დაახლოებით ღამის 11 საათისთვის მოხდა. ზუსტი მიზეზები უცნობია. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას მუხლით. 8 ადამიანი თბილისშია გადმოყვანილი, შახტაში დაშავებული ერთი პირი გარდაიცვალა.