ინფექტიური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სუსის ყოფილ მაღალჩინოსანს, სოსო გოგაშვილს შეხვედრაზე იბარებს. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა და განმარტა, რომ გოგაშვილმა ის შეურაცხმყოფელად მოიხსენია.
ბატონმა სოსო გოგაშვილმა თავს უფლება მისცა მოვეხსენიებინე უკიდურესად შეურაცხმყოფელი ფორმით ყოველგვარი მიზეზის, უფრო მეტიც - ყოველგვარი საბაბის გარეშე. დაბეჯითებით ვთხოვ ბატონ სოსოს, აუცილებლად შემხვდეს წინასწარ დათქმულ დროს, - წერს თენგიზ ცერცვაძე.
ცნობისთვის, გოგაშვილი ცერცვაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ამბობს, რომ მათ "პანდემიის მართვა ხელიდან გაექცათ და შეცდომები იყო".
"მუშკეტერთაგანო, ამ შეცდომებს ჯანმრთელი ადამიანების სიცოცხლე რომ შეეწირა, ამაზე პასუხისმგებელი ვინაა? არ გამოვა ოღონდ ტრაფარეტულად პირიდან ამოსული "ვიღებ პასუხისმგებლობას", არა! აიღებთ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას! მოკლული 15 016 ადამიანიდან რამდენი ჯანმრთელი მოკალით? უხ, თქვენი… ო, რა მწარედ აგებთ პასუხს…" - დაწერა გოგაშვილმა.