სოციალურ პროტესტს მალე შესაძლოა, გარემოვაჭრეებიც შეუერთდნენ. თბილისში სხვადასხვა მეტროსთან დასაქმებულები დილიდან მუნიციპალურ ინსპექციას ელოდებიან. მათ გაფრთხილება მერიისგან გუშინ მიიღეს რომ თუ ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის ტერიტორიაზე არ გააგრძელებდნენ, მათ დახლებს ძალით აიღებდნენ.
მოვაჭრეები აღნიშნავენ, რომ მერია დახლების ბაზრის ტერიტორიაზე გადატანას სთხოვთ, თუმცა მათივე თქმით, უკიდურესად მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, ბაზრის ქირის გადახდას ვერ შეძლებენ. მოვაჭრეები დედაქალაქის მერისგან განმარტებებს ითხოვენ და ამბობენ, რომ აკრძალვის შემთხვევაში საპროტესტო აქციებს გამართავენ.
"სულ ყველანი ავდგებით თუ ვინმე მოვაჭრეები ვართ, არავინ არ გავჩერდებით, არავინ ჩავუყლაპავთ. ყველას მერი ვარო... მოვიდეს კალაძე აქ და გამცეს პასუხი", - ამბობს ერთ-ერთი გარემოვაჭრე.
გარემოვაჭრეები თბილისის მერს სთხოვენ, გაითვალისწინოს არსებული მძიმე მდგომარეობა და პანდემიის პერიოდში მათ ვაჭრობის უფლება მისცეს.