ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჩოვდაროვების ოჯახი პოლიციას სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. სოფელ ფოლადაურში მცხოვრებლები „მთავარ არხთან“ ყვებიან, რომ სამართალდამცავები მათ სახლში ცხრა მაისს ჩხრეკის ჩასატარებლად ნებართვის გარეშე შევიდნენ და ქალებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ჩოვდაროვები პოლიციის მათ ოჯახში მისვლას, ქვემო ბოლნისში მომხდარ მკვლელობას უკავშირებენ, რადგან მოკლული ზარგაროვის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას მათ ნათესავს აკისრებს.
ნათესავებს შორის სისხლიანი კონფლიქტი, რამდენიმე თვის წინ დაიწყო, სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, ძმებმა ზარგაროვებმა შურისძიების მიზნით ჩოვდაროვების მანქანა სოფელ ფოლადაურის გზაზე ჩაცხრილეს.
შეიარაღებული თავდასხმის შედეგად კი ერთ-ერთი ჩოვდაროვი დაიჭრა, ძმები ზარგაროვები კი დააკავეს. ერთ-ერთმა მათგანმა საპატიმრო თვენახევრის წინ დატოვა, ოთხ მაისს კი გაურკვეველ ვითარებაში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიღებული სამი ჭრილობის შემდეგ გარდაიცვალა.
ჩოვდაროვები ამბობენ, რომ ზარგაროვების ოჯახი აქამდე არსებული კონფლიქტის გამო, მკვლელობაში სწორედ მათ ადანაშაულებენ. თუმცა, თავად მკვლელობასთან კავშირს უარყოფენ.
პოლიციის მხრიდან ძალადობის შესახებ საუბრობს ჩოვდაროვების ოჯახის მოხუცი წევრი. დარწმუნებულები არიან, რომ მათ შვილს ამ მკვლელობასთან კავშირი არ აქვს.
სოფელ ქვემო ბოლნისში მომხდარი მკვლელობის დეტალებზე მოკლულის ოჯახს საუბარი არ სურს. ამბობენ, რომ ხელს არავის ადებენ და საქმის გამოძიებას პოლიციას მიანდობენ.
მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს. ამ დროსითვის მომხადრზე დაკავებული არავინაა.