ტყიბულში, მინდელის შახტში დაშავებული ერთი პირის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. კაცს სხეულის 60% აქვს დამწვარი, ასევე, დაზიანებული აქვს სასუნთქი გზები.
რაც შეეხება დანარჩენ დაშავებულებს, ორ მეშახტეს კანი გუშინ გადაუნერგეს და ამ დრომდე ორივე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
"კვლავ რვა მეშახტე განაგრძობს მკურნალობას დამწვრობის ცენტრში, სამი მათგანი არის მოთავსებული რეანიმაციულ განყოფილებაში. ყველაზე მძიმე პაციენტი კვლავ ერთ გვრჩება, სადაც 60% არის დამწვრობა და სასუნთქი გზების დაზიანება აღენიშნება, თუმცა მისი მდგომარეობაც არის სტაბილური", - თქვა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ.
შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა მინდელის სახელობის შახტაში 30 იანვარს ღამით მოხდა. ზუსტი მიზეზები უცნობია. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას მუხლით. დაშავებულთაგან 8 ადამიანი თბილისშია გადმოყვანილი, ერთი პირი გარდაიცვალა.