ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანია "თელმიკოსა" და "თელასში" დღეიდან სპეციალური ჯგუფი შევა, რომელიც აბონენტებისთვის დარიცხული გადასახადების შემოწმებას დაიწყებს. გადაწყვეტილება სემეკ-ის სხდომაზე ცოტა ხნის წინ მიიღეს.
სპეციალური ჯგუფი 1 თვის განმავლობაში ადგილზე შეისწავლის, რამდენად სწორად დაარიცხეს თბილისში ელექტროგამანაწილებელმა კომპანიებმა დავალიანება მომხმარებლებს.
კომპანიების შემოწმების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, მოქალაქეებმა სემეკ-სა და ენერგოომბუდსმენს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ დეკემბერსა და იანვარში გაზრდილი ტარიფი დაერიცხათ.
"მარეგულირებელ კომისიაში შემოვიდა განცხადებები, მომხმარებელთა პრეტენზიები დარიცხვასთან დაკავშირებით და ასევე, სოციალურ ქსელებში მაღალია უკმაყოფილება. მარეგულირებელმა კომისიამ იმსჯელა და დღევანდელ სხდომაზე გადაუდებელი წესით იქნა წარმოდგენილი საკითხი ორივე კომპანიის გასვლითი შემოწმების თაობაზე. 1-თვიანი ვადა ავიღოთ და დავიტოვებთ უფლებას, რომ თუ თვის ვადაში ჯგუფი ვერ დაასრულებს შემოწმებას, გავუგრძელოთ ვადა, თუმცა ვავალებთ ჯგუფს, რომ 1 თვის განმავლობაში მაქსიმალურად დავასრულოთ შესაბამისი შემოწმება", - თქვა სემეკ-ის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ.