კაცი, რომელიც ფსიქიატრიული ჯანმრთელობის ექსპერტიზაზე იძულებით გადაიყვანეს, საკონსტიტუციო სასამართლოში დავობს. ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს და წერს, რომ სასამართლომ ლევან დარსალიას სარჩელი დღეს, 3 თებერვალს არსებითაც განიხილა. თუ სასამართლო მის სარჩელს დააკმაყოფილებს, პარლამენტს ამ კუთხით არსებული წესების შეცვლა მოუწევს.
გამოცემის ცნობით, მოქალაქე ლევან დარსალია იმ სამართლებრივ ნორმებს ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც სასამართლო პროცესზე პროკურორს შეუძლია მოითხოვოს ბრალდებულის სასამართლო ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე იძულებით გადაყვანა, თანაც 20 დღემდე ვადით.
სადავოა კონკრეტულად სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილებას იძულებით ფსიქიკური ჯანმრთელობის შემოწმებაზე მოსამართლე ზეპირი მოსმენის გარეშე იღებს. სადავოა ისიც, რომ ბრალდებულს მოსამართლის ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებაც არ აქვს.
ლევან დარსალიას ოჯახში ძალადობის ჩადენას ორჯერ ედავებოდა გამოძიება. ორივე შემთხვევაში ლევან დარსალია ფსიქიკურ ექსპერტიზაზე იძულებით გადაუყვანიათ პროკურორის მოთხოვნით და შემდეგ უკვე სასამართლოს ნებართვის საფუძველზე. ორივე შემთხვევაში დადასტურდა, რომ მოსარჩელეს შერაცხადობის პრობლემა არ აქვს.
გარდა ამისა, ლევან დარსალია 2018 წელს ოჯახში ძალადობის საქმეზე სრულად გამართლდა, 2019 წელს კი, ადვოკატ ზურაბ ჯანაშიას თქმით, ნაწილობრივ გამართლდა და მას პირობითი მსჯავრი შეუფარდეს.
შემთხვევა, რომლის შემდეგაც ლევან დარსალიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, 2019 წლის აგვისტოში იწყება – ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებული ლევან დარსალია აღკვეთი ღონისძიების სახით დააპატიმრეს სასამართლოს დარბაზში.
იმავე დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეს პროკურორმა უთხრა, რომ ბრალდებულ ლევან დარსალიას სავარაუდოდ შერაცხადობის პრობლემა აქვს და ექსპერტიზის ჩასატარებლად სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ფსიქიატრიულ დეპარტამენტში უნდა გადაიყვანონ 20 დღით.
პროკურორს მოსამართლისთვის უთქვამს, რომ უნდა დადგინდეს, იყო თუ არა შეურაცხადი კაცი ოჯახში ძალადობის ჩადენის დროს. პროკურორს საკუთარი შუამდგომლობისთვის „ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან“ ამოღებული სამედიცინო ისტორიაც დაურთავს, - წერს "ბათუმელები".