ტყიბულში, მინდელის შახტში დაშავებული 8 პირიდან რეანიმაციაში მხოლოდ ერთი რჩება. მას სხეულის 60% აქვს დამწვარი.
2 დაშავებულს კანი გადაუნერგეს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ანალოგიური პროცედურის ჩატარება კიდევ ერთი პაციენტისთვის იგეგმება.
"რეანიმაციის განყოფილებაში რჩება ერთი პაციენტი, მას სხეულის 60% აქვს დაზიანებული, გარდა ამისა, სასუნთქი გზების დაზიანება და ბარო ტრავმა რაც, სავარაუდოდ, აფეთქებამ ამოიწვია. ის სტაბილურ მდგომარეობას ინარჩუნებს. დანარჩენი 7 პაციენტი თავს გრძნობს კარგად, მათი მდგომარეობა არის სტაბილური", - თქვა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ.
შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა მინდელის სახელობის შახტაში დაახლოებით ღამის 11 საათისთვის მოხდა. ზუსტი მიზეზები უცნობია. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას მუხლით. 8 ადამიანი თბილისშია გადმოყვანილი, შახტაში დაშავებული ერთი პირი გარდაიცვალა.