ერთი მღვდელმთავრის ულტიმატუმმა ქვემო ქართლი აალაპარაკა. იქ სადაც ქართულ-აზერბაიჯანული თანაცხოვრება საუკუნეებია გრძელდება, ახლა ეთნიკური შუღლის გაღვივების საფრთხე შეიქმნა. აზერბაიჯანელი მოღვაწის ძეგლი, მართლმადიდებელი მღვდელმსახურისთვის დიდი პრობლემა 30 წლის შემდეგ გახდა. ის, რაც სასულიერო პირს არ მოსწონს, ღირსების საკითხი აღმოჩნდა რეგიონის მოსახლეობისთვის.
მღვდელმთავრის ულტიმატუმი არ შესრულდა. მარნეულის ცენტრში შავი მარმარილოთი მოპირკეთებული ძეგლის სიმყარე კიდევ უფრო ურყევი გახდა. ორი ერის ურთიერთობის მრავალსაუკუნოვან ისტორიას კი ბზარი კონკრეტული პირების დამოკიდებულებამ გაუჩინა. ის, ვინც ემოცია ვერ დამალა და მეუფე გიორგის ქადაგება ხმამაღლა გააკრიტიკა, დიდი ზეწოლის მსხვერპლი აღმოჩნდა. მარნეულის ყველაზე აქტიური ახალგაზრდა მოქალაქეები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებმა დაკითხვაზე დაიბარეს, პარალელურად კი კითხვა არავის გასჩენია იმ სასულიერო პირებთან, რომელთა სიტყვამ გამოძიების დაწყების საფუძველი გამოკვეთა. დღეს სამოქალაქო აქტივისტებს ეჭვი უკვე აღარ ეპარებათ, რომ ნარიმანოვის ძეგლის ირგვლივ ატეხილი ამბავი, დიდი სცენარის ერთი ეპიზოდი იყო - პროვოკაცია საკუთარი მოქალაქეების მიმართ.
სამოქალაქო აქტივისტები დარმუნებულები არიან, რომ ხელისუფლება მხოლოდ მათ იბარებს, ვისაც რეგიონში გავლენა და ოპოზიციური განწყობა აქვს. სწორედ ამიტომ, ვინც ეჭვობდა, რომ მთავარი თემა ნარიმანოვის ძეგლის აღება არ იყო, გამოკითხვა სასმართლოში მოითხოვა.
არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომლებიც მუდმივად სწავლობენ ეთნიკური უმცირებოსბების პრობელემბს, დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლება სუს-ში დაბარებით სამოაქალაქო აქტივისტებზე ზეწოლას წინასაარჩევნოდ ცდილობს. ფიქრობენ, რომ ქვემო ქართლში კარანტინის პერიოდში გამართულმა რამდენიმე აქციამ აჩვენა, რა ძალა აქვს ამ ხალხის წინააღმდეგობას, რომელმაც შეიძლება, ნებისმიერ დროს იფეთქოს. ამიტომ ახლა, წინასაარჩევნოდ, ყველაზე აქტიური პირების განეიტრალებას ცდილობენ.
აზერბაიჯანელებით დასახლებული რეგიონი რომ ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცეოდა, არავინ დავობს, თუმცა რატომ დასჭირდათ ახლა ეკლესიის გამოყენება სავარაუდოდ ეთნიკური შუღლის გაღვივებისთვის, უცნობია. ერთადერთი რაშიც ეჭვი აღარავის ეპარება, ადგილობროვები არიან, რომლებიც ამბობენ, რომ ხმამაღალი განცხადებების უკან, დიდი ინტერესი იმალება - ერთი კონკრეტული გვარითა და სახელით.
ადგილობრივები, ბოლო პერიოდია, პროცესებს რამდენიმე სცენარით განიხილავენ. ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეები ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებას მოძმე ერის მიმართ დიდი პოლიტიკური შიში ამოძრავებს, სუს-ში ადგილობრივი აქტივისტების დაბარებით კი საკუთარი ძალაუფლების დემონსტრირებას ცდილობენ. მცდელობა კი გაიმყარონ გავლენა, შესაძლოა, შემოდგომის არჩევნებისთვის შეუქცევადი ვნებათაღელვის საფუძველი გახდეს.
გამწვავებული ვითარების გასანეიტრალებლად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო. პირველად ბოლო წლების განმავლობაში, ეთნიკური შუღლის საქმეზე გამოძიება დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ მოწმეთა დიდი ნაწილი უკვე დაიკითხა, არავის დაუბარებია მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის მმართველი კითხვებზე პასუხების მისაღებად. მეტიც, სასულიერო პირის პოზიციების გასამყარებლად, ადგილზე სინოდის წევრები ჩავიდნენ და მხარდაჭერა აღუთქვეს. მარნეულში ჩატარებული წირვა კიდევ ერთი უსიამოვნო გზავნილი აღმოჩნდა მუსლიმი მოქალაქეებისთვის.
ხელისუფლების დუმილი ადგილობრივი მოსახლეობის განწყობას კიდევ უფრო ამძიმებს. უცნაურად ეჩვენებათ მართლმადიდებელი ეპისკოპოსის განწყობაც, რომლის რეზიდენციაც ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებული ქალაქის ცენტრში მდებარეობს. მეუფე გიორგის სკანდალური ქადაგების შემდეგ დამატებითი განმარტებების გაკეთება არ სურს. ის რაც ეკლესიის ამბიონიდან თქვა, საკმარისი აღმოჩნდა ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობაში მუქი ჩრდილები შეეტანა.