"კალაძე ექსპერტი არ არის, მილიონებს თქვენც გიყოფთ" - უკანონო მშენებლობა და დაპირისპირება ორბელიანის მოედანზე

გამოქვეყნდა:

უკანონო მშენებლობა ორბელიანის მოედანზე - ნიშნიანიძის ქუჩაზე მიმდინარეობს უკანონო მშენებლობა, რომელიც ძველი თბილისის იერსახეს არღვევს. ერთ-ერთი ისტორიული გალავნის უკან მშენებლობა დამტკიცებული პროექტის შეცვლილი ვარიანტით 2019 წლიდან მიმდინარეობს.

ერთი სართულის დემონტაჟი დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე 2020 წლის ოქტომბერში მოითხოვა, თუმცა ამ დრომდე არ განხორციელებულია, რადგან ოპოზიციის თქმით, მშენებელი კომპანია ,,ქართული ოცნების'' შემომწირველია.

ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ ეს ტერიტორია და აქ განთავსებული შენობები წლების განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია და ნებართვა მშენებლობებზე არ გაიცემოდა. მათი თქმით, გადაწყვეტილება შეიცვალა 2014 წელს, როდესაც კომპანიის მფლობელმა "ოცნებას" 60 000 ლარი გადაურიცხა, რაც კომპანიის წარმომადგენლებმაც დაადასტურეს. 

კომპანიის წარმომადგენლები დღეს, ადგილობრივებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ. ისინი ამტკიცებენ, რომ მათ გამზადებული პროექტი შეისყიდეს 2009 წელს, სადაც პირდაპირ წერია, რომ უნდა მოხდეს არსებული შენობის ადაპტაცია. (თუმცა არა ახალი კონსტრუქციის დადგმა, როგორც ახალ პროექტშია.)

კომპანიის წარმომადგენელმა თქვა, რომ დედაქალაქის მერმა დემონტაჟის მოთხოვნის დროს იხელმძღვანელა ე.წ. რენდერით (შენობის ფოტომასალა) და არა არქიტექტურული ნახაზით. 

"შეცდომაში შეიყვანეს, კალაძე ექსპერტი არ არის, არასწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით ისაუბრა, ამ მილიონებს თქვენც გიყოფთ, ბიუჯეტში შემაქვს... დიახ, ვარ ქართული "ოცნების" შემომწირველი, მინოდოდა მხარდაჭერა, მაგრამ დღეს არ ვუჭერ "ქართულ ოცნებას" მხარს პირდაპირ გეუბნებით",- თქვა მშენებელი კომპანიის წარმომადგენელმა. 

ადგილობრივები კი ამბობენ, რომ მათი სახლის კედლები ყოველდღიურად იბზარება. მოსახლეობა უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით სასამართლოში დაობს. 

2020 წელს მათ სასამართლოში 2 სარჩელი შეიტანეს, თუმცა ჯერჯერობით არცერთი მათგანის განხილვა არ ჩანიშნულა. 

 

 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი