"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" [GDI] თბილისის საქალაქო სასამართლოს „სასამართლო მეგობრის“ მოსაზრებით მიმართავს "მთავარი არხის" საქმესთან დაკავშირებით.
საუბარია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უპრეცედენტოდ მაღალ სანქციაზე, რომელიც ბექაურის უწყებამ დამოუკიდებელ და კრიტიკულ მედიასაშუალებას სამი ვიდეორგოლისთვის დააკისრა:
GDI მიიჩნევს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ წარმოდგენილი ვიდეორგოლები „პოლიტიკურ რეკლამად“ ამ ცნების ძირითადი ელემენტების უგულებელყოფითა და საერთაშორისო პრაქტიკის თვითნებური განმარტების საფუძველზე დააკვალიფიცირა.
ამასთან, სადავო ვიდეორგოლები არც თავისი შინაარსიდან გამომდინარე მოიცავს „პოლიტიკური რეკლამის“ ცნების ელემენტებს და სინამდვილეში უფრო გონივრული იქნებოდა მათი „სოციალურ რეკლამად“ დაკვალიფიცირება" ნათქვამია GDI-ს მიმართვაში.
შეგახსენებთ, 111,903.43 ლარის ჯარიმა კომისიამ "მთავარ არხს" 2021 წლის 25 ნოემბერს დააკისრა. მარეგულირებელმა გადაწყვიტა, რომ ვიდეორგოლები პოლიტიკური რეკლამაა და მისი ეთერში განთავსება არაწინასაარჩევნო პერიოდში, კანონსაწინააღმდეგოა.
საუბარია სამ ვიდეორგოლზე - ორი მათგანი დაკავშირებულია პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილთან, რომელშიც ნაჩვენებია სხვადასხვა სახელმწიფო თანამდებობის პირების განცხადებები/ფოტოები, მათ ბოლოს კი ისმის სიტყვა „კლავს“ და მოწოდებები: „გაათავისუფლე მიხეილ სააკაშვილი“, „უთხარი მკვლელებს არა“, „#თავისუფლებამიშას“.
მესამე კი „სირცხვილიას“ მიერ მომზადებული ვიდეორგოლია, რომელშიც „ქართული ოცნების“ პარტიის წევრების ფოტოებით რუსეთის პრეზიდენტი პუტინის სახე ეწყობა და ეწერება „სირცხვილია“