ყველაზე იდუმალი ქართველის კრიმინალური ისტორია ეინდჰოვენში, პარადისლანის ქუჩაზე იწყება.
ჰოლანდიური მედიის ინფორმაციით, 35 წლის, ეროვნებით ქართველი მამაკაცი კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ბინაში აიყვანეს. მის დროებით საცხოვრებელში პოლიციამ უპრეცენდენტო რაოდენობის ფული - 12 მილიონ 580 ათასი ევრო ამოიღო. 15 სასურსათო ჩანთაში მოთავსებული კუპიურები ბინაში მოწყობილ სამალავში იყო. ადგილობრივი პოლიციის ცნობით ამოღებული ფული 250 კილოს იწონიდა.
ჰოლანდიური მედიის ინფორმაციით, თანხის გარდა დაკავებულის ნაქირავები ბინიდან პოლიციამ ორი ცეცხლსასროლი იარაღი, ფულის სათვლელი მანქანა და უსაფრთხო საუბრებისთვის განკუთვნილი ტელეფონი ამოიღეს.
დაკავებულის ვინაობა ამ დროისთვის გასაიდუმლოებულია. ადგილობრივი მედია ჰოლანდიის ისტორიაში უპრეცენდენტო რაოდენობის ნაღდი ფულის ამოღების ამბავს ბრალდებულის სახელისა და გვარის დასახელების გარეშე რამდენიმე კვირაა ყვება. ამ დროისთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მამაკაცი ეროვნებით ქართველია, ჰოლანდიაში უსახლკაროდ იყო რეგისტრირებული და მას მუდმივი საცხოვრებელი არ ჰქონდა. ამის გამო დაკავებულ ქართველს უსახლკარო მილიონერი შეარქვეს.
დაკავებული ქართველი ახლა 90-დღიან პატიმრობაშია. ამ პერიოდში ჰოლანდიურმა გამოძიებამ იდუმალი მილიონერის გარშემო გაჩენილ მთავარ კითხვებს უნდა უპასუხოს. დაადგინოს, როგორ ცხოვრობდა უსახლკარო მამაკაცი ქალაქის ცენტრში, საკმაოდ ძვირადღირებულ კორპუსში, ვინ იხდიდა ბინის ქირას და მთავარი - საიდან ჰქონდა მას 12 მილიონ 580 ათასი ევრო.
შეკითხვებს ამ ეტაპზე უპასუხოდ ტოვებს მისი ადვოკატი. უსახლკარო ქართველს ჰოლანდიაში ერთ-ერთი ძვირადღირებული დამცველი ჰყავს. ჩემ პოლატს "მთავარი არხიც" დაუკავშირდა, თუმცა კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე, ხმაურიანი საქმის დეტალებზე მან საუბარი არ ისურვა.
რაზეც ადვოკატი არ საუბრობრობს, წერენ ჟურნალისტები. მედია საკუთარი წყაროებზე დაყრდნობით ცდილობს დაადგინოს ამოღებული მილიონების წარმომავლობა. ამ ეტაპზე ორ ვერსიას განიხილავენ. ერთით 35 წლის ქართველი, შესაძლოა, ნარკოტიკების უკანონო ვაჭრობით მიღებულ შემოსავლს მალავდა.
ეს არის ერთ-ერთი სამუშაო ვერსია გაზეთ "ტელეგრაფის" კორესპონდენტისთვის. მიკ ვან ველი პირველი იყო ვინც 35 წლის ქართველის დაკავების შესახებ დაწერა. მას მერე ცდილობს დეტალების დადგენას. უკვე მოპოვებული ინფორმაციით არ გამორიცხავს, რომ დამნაშავეთა სამყარომ დაკავებული ქართველის უსახლკარობით ისარგებლა და ის საკუთარი კრიმინალური ფულის დარაჯად აქცია.
არის მეორე ვერსიაც. ჰოლანდიურ მედიაში ვარაუდობენ, რომ დაკავებული, შესაძლოა, იატაკქვეშა ბანკინგით ყოფილიყო დაკავებული. ამ სქემას რამდენიმე ვარიანტი აქვს, მოკლედ კი ასე აიხსნება -- ადამიანი იატაკქვეშა ბანკირს აძლევს გარკვეულ თანხას, რომელსაც შემდეგ სხვა ქვეყანაში ბანკირის პარტნიორისგან ისევ ხელზე იღებს. ამ შემთხვევაში არ ფიქსირდება გადარიცხვა და ძნელია ფულის ფინანსური მოძრაობის დადგენა. ამ მეთოდს ძირითადად ის ადამიანები მიმართავენ, ვისაც უკანონოდ მოპოვებული ფულის დამალვა სურს.
ეს ყველაფერი მხოლოდ ვარაუდია. რეალურად რისთვის იყო მიმართული 12 მილიონ 580 ათასი ევრო, გამოძიებამ უნდა დაადგინოს. როგორც ჩანს, ჰოლანდიელი სამართალდამცავები 35 წლის ქართველით დიდ კრიმინალურ დაჯგუფებაზე გასვლას ცდილობენ, რადგან მედიის ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი სრულად იზოლირებული ჰყავთ და კონტაქტის უფლებას მხოლოდ ადვოკატთან აძლევენ.