რა ქონებას ფლობს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი და ბიძინა ივანიშვილის ერთგული მცველი. აღმოჩნდა რომ საჯარო სამსახურის მიუხედავად ანზორ ჩუბინიძეს მოხელის დეკლარაცია შევსებული არ აქვს. რეესტრში კი მის სახელზე არაერთი ბინა, მიწის ნაკვეთი და ბიზნესი ირიცხება. ირკვევა რომ ივანიშვილი დაცვის ყოფილი უფროსი მეღვინეობითაა დაინტერესებული და კახეთში ქარხანას და ვენახს იშენებს.
ქონების ნაწილი ანზორ ჩუბინიძეს საკუთარ შვილზე აქვს რეგისტრირებული.
ქვეყნის მასშტაბით 34 138 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი - მდიდრული სახლები თბილისში და აგარაკები, ღვინისა და სპირტის სახდელი ქარხნები, მაღალი კლასის მარანი კახეთში, გაშენებული ვენახები და მშენებარე ობიექტები.
კახეთში ჩუბინიძეს, რამდენიმე ქალაქსა და სოფელში აქვს მიწის ნაკვეთი. სოფელ ნაფარეულთან მალე ღვინის ქარხანა და მარანი ექნება. ობიექტზე სამუშაოები ჯერ დასრულებული არ არის. თუმცა ალკოჰოლური სასმელების დასაყენებლად საჭირო ინვენტარის ნაწილი ობიექტზე უკვე შეტანილია, ირგვლივ გაშენებული აქვს ვენახიც.
თბილისში ჩუბინიძის სახელზეა, 4 სართულიანი სახლია, რომელიც 740 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე დგას.
2014 წელის სახლს მეოთხე სართული დაშენებული არ ჰქონდა, 2020 წლის განახლებულ რუკაზე კი თანამედროვე ტიპის 1 სართულიანი დაშენება უკვე შესამჩნევია, თუმცა როგორც ჩანს უკანონოდ. არქიტექტურის სამსახურში არ მოიპოვება მეოთხე სართულის დაშენების ნებართვა.
მარიამ ჩუბინიძის, ანზორ ჩუბინიძის 24 წლის შვილის სახელზე თბილისში, მცხეთასა და კახეთში 6 593 კვ/მ მიწის ნაკვეთია რეგისტრირებული. სოფელ ზაქაროში ეკუთვნის მშენებარე ობიექტიც. კანონი აქაც დარღვეულია, არავინ იცის რა აშენდება ამ ნაკვეთზე, სადაც მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, რადგან პროექტი მიმდებარედ არ არის გამოკრული. ვაზი, კი ამ ტერიტორიის ნახევარზეც ჩაყრილია.
მცხეთაში, სოფელ ზაქაროში ჩუბინიძეების სახელზეა 3 სართულიანი საკუთარი სახლი, ვენახითა და ბაღით. ჩუბინიძეების მდიდრული სახლის ეზოში ათობით სკა დგას.
ანზორ ჩუბინიძე, იაპონური საბრძოლო ხელოვნებითაცაა დაკავებული. ის კიოკუშინ კარატეს მწვრთნელია. წყნეთში, მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, რომელიც მერიამ ათხოვა, კიოკუშინის სავარჯიშო დარბაზია.
2 თვის წინ ანზორ ჩუბინიძე სასამართლოში მისვლას და ყველაფრის მოყოლას გვპირდებოდა, უნდოდა მოეყოლა როგორ მუშაობდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი და წესით უნდა დაედასტურებინა, რომ მიხეილ სააკაშვილსა და თემურ ჯანაშიას პროკურატურა ბიუჯეტის ფლანგვას ტყულად ედავებიან. პირობის ნაწილი შეასრულა - ანზორ ჩუბინიძე სასამართლოში მივიდა, თუმცა მან სიმართლის თქმას დუმილი ამჯობინა.
მას ხელი აქვს მოწერილი პატაკზე, რომლის თანახმადაც, სახელმწიფოს ფარული მიზნებისთვის 50 000 ლარი დაიხარჯა. თუ მიხეილ სააკაშვილი და თემურ ჯანაშია სახელმწიფო ბიუჯეტს ფლანგავდნენ, მაშინ ამ დოკუმენტით დასტურდება რომ ჩუბინიძეც დამნაშავეა.