საპროტესტო აქცია ორთაჭალაში - გორგასლის ქუჩაზე არქიტექტორები და იქ მცხოვრები მოქალაქეები უკანონო მშენებლობას აპროტესტებენ. საუბარია მრავალბინიან სასტუმროს მშენებლობაზე, რომლის პროექტიც დეპუტატ ფრიდონ ინჯიას ვაჟის კომპანიას ეკუთვნის.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მშენებლობისთვის ყალბი დოკუმენტებია წარდგენილი. მათი თქმით, მიმდებარე გზა, რომლითაც ყოველდღიურად სარგებლობენ სულ 4 მეტრია, კომპანიამ კი დოკუმენტებში 8 მეტრის ფართობი მიუთითა.
"ფიზიკურად ტროტუარები არ არის. ამ ქუჩაზე არის 2 ბაღი, 2 სკოლა, ქვეითის გადაადგილების საშუალება არ არის და ამ შენობის წარმოქმნა გულისხმობს მინიმუმ 500 ავტომობილის დამატებას. ფიზიკურად წარმოუდგენელია ეს, როდესაც ამ ეტაპზეც კი ავტომობილები ერთმანეთს გვერდს ვერ უქცევენ. ამ გაყალბებული ინფორმაციის საფუძველზე გაიცა ნებართვა და მოხდება კოლაფსი ქალაქში", - ამბობს არქიტექტორი, თენგიზ ესიავა.
გორგასლის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ მტვერი და მძიმე ტექნიკის გადაადგილება აწუხებთ. მთავარი მოთხოვნაა, მშენებლობისთვის გამოიყოს ალტერნატიული გზა ან სამუშაოები შეჩერდეს.
"ჩვენი სახლი, ძველი სახლი, 50-ტონიანი მანქანები რომ დადიან სახლი სულ გუგუნებს, ირყევა. სკოლა, ბაღი და პლუს ამას 200 მანქანა დღეში დატვირთული, მტვერი არის სასწაული, უარესი არ შეიძლება", - ამბობს ადგილობრივი.
ცოტა ხნის წინ ადგილზე იმყოფებოდა ძველი თბილისის რაიონის გამგებელი, ლევან ჯაფარიძე, რომელმაც თქვა, რომ დიდი ხნის განმავლობაში მოუგვარებელ პრობლემაზე არაფერი იცის და საკითხში გარკვევა სჭირდება.
"ჯერ სიტუაციაში უნდა გავერკვიო, გავიგო რა პრობლემების წინაშე არიან. რა პასუხი შეიძლება გაგცეთ, როცა 1 წუთია დავიწყე ადამიანებთან საუბარი იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც მათ აწუხებთ და რის მოგვარებასაც უნდა შევეცადოთ. დიდი ხანი არ არის ამის შესახებ პროტესტი და ჯერჯერობით მშენებლობა არ იყო დაწყებული. რა თქმა უნდა ვიცოდით, ამის შესახებ და ალტერნატიულ გზებს ვეძებდით. მინდა, საბოლოოდ გავიგო ამ ადამიანებისგან თვითონ რას ფიქრობენ და საერთო გამოსავალი მოვძებნოთ",- თქვა ლევან ჯაფარიძემ.
აღსანიშნავია, რომ გორგასლის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ მშენებლობის პროტესტის გამო, რამდენჯერმე გადაკეტეს გზა და წერილობით თბილისის მერიასაც მიმართეს, თუმცა ხელისუფლებისგან რეაგირება არ ყოფილა.