კასპის მუნიციპალიტეტში მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ირკვევა, რომ მოკლული და სავარაუდო მკვლელი ნათესავები არიან. 45 წლის კაცს თავის არეში ნაჯახით სასიკვდილო ჭრილობები 38 წლის პირმა მიაყენა. დაშავებული ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და დაპირისპირების მიზეზებზე საუბარი უჭირთ.
"გავიგეთ, რომ მკვლელობა მოხდა და ყველა მხრებს იჩეჩავს, რატომ მოხდა არავინ იცის, არ გამიგია, რომ რამე კონფლიქტი ჰქონოდათ. ნათლიები იყვნენ ერთმანეთის",- ამბობენ ადგილობრივები.
სავარაუდო დამნაშავე, 1984 წელს დაბადებული გ.ა პოლიციამ უკვე დააკავა. ის ამ დროისთვის გორის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამავე თემაზე: