დამამცირებელი აბსურდი, რომელშიც სახელმწიფო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს აცხოვრებს. ასეთ ადამიანებს სახელმწიფო პენსიისა თუ ბიუჯეტიდან დაფინანსებული რეაბილიტაციის მისაღებად რუტინული შემოწმების გავლა პერიოდულად უწევთ.
კომისიამ უნდა შეაფასოს, ისევ სჭირდებათ თუ არა შშმ პირებს სახელმწიფოს თანადგომა. თუმცა ყოველი ასეთი შემოწმება დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული, რომლის დიდი ნაწილის გაღებაც ამ ადამიანებს თავისი ჯიბიდან უწევთ.
ჩვენი რეპორტაჟის ერთ-ერთი გმირი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელსაც არც ერთი ხელი არ აქვს. ამის მიუხედავად, მას რამდენიმე თვეში ერთხელ იბარებენ იმის დასაგენად, ხომ არ შეიცვალა სურათი. ხელები რომ მეორედ აღარ გაეზრდება, პერიოდულად ამისი ახსნა გიორგი ხიზანიშვილს სამხედრო კომისიისთვისაც უწევდა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების ახალგაზრდას სავალდებულო სამხედრო სამსახურში იწვევდა.
კიდევ უფრო აბსურდულია სახელმწიფოს მიდგომა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებთან. ამ მოზარდებს მუდმივი დახმარება სჭირდებათ სხვადასხვა პროგრამებისა თუ თერაპიის სახით. მაგარამ როგორც კი სახელმწიფო პოზიტურ შედეგს დაინახავს, შშმ პირებს დახმარებას უჩერებს, და ამ ადამიანებსაც ისევ იქ აბრუნებს, საიდანაც დაიწყეს. სახელმწიფო კი ამ ადამიანებსაც დაუსრულებელად აწვალებს და თავისივე შრომასაც წყალში ყრის.