"ორივე კეთილსინდისიერია" - ოხანაშვილი საგამოძიებო სამსახურის უფროსობის კანდიდატებზე

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებული სამსახური - და ახლადშექმნილი სპეციალური საგამოძიებო უწყება. ვინ შეცვლის ლონდა თოლორაიას? - პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს ღარიბაშვილის მიერ წარდგენილ კანდიდატებს უსმენს.

ემზარ გაგნიძე და კოკა კაციტაძე დღეს დეპუტატების დარწმუნებას შეეცდებიან, რომ ახლადშექმნილი საგამოძიებო სამსახურის უფროსობას მათი გამოცდილება და კომპეტენცია შეეფერება.

არსებული ცნობებით კოკა კაციტაძე "ქართული ოცნების" ფავორიტად მოიაზრება. 

"ღიად და საჯაროდ ვმონაწილეობ კანონის საფუძველზე გამოცხადებულ კონკურსში. 1 მარტიდან ამ სამსახურს ემატება 40 ახალი დანაშაულის ქვემდებარეობა, შესაბამისად, ეს სამსახური ვერ დარჩება ხელმძღვანელის გარეშე და არასათანადო მოპყრობის ფაქტები ვერ დარჩება გამოძიების გარეშე. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომ ხდება ფუნქციების გამიჯვნა",- ამბობს კაციტაძე

ამ წუთებში კომიტეტზე ემზარ გაგნიძეს უსმენენ, ის ერთადერთი კანდიდატია, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა აქვს. 

"ვთვლი, რომ მე ვარ ერთ-ერთი შესაფერისი კანდიდატი ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩემი პიროვნული უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე და ყველა კითხვაზე რაც გაიჟღერებს, მექნება არგუმენტირებული პასუხი",- თქვა ემზარ გაგნიძემ.

"ქართული ოცნების" დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ამტკიცებს, რომ მათ კანდიდატებზე წინასწარ ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვთ.

"ორივე კანდიდატს აქვს საკმაოდ კარგი გამოცდილება, კარგი კვალიფიკაცია, კეთილსინდისიერებასთან მიმართებაში ორივე კეთილსინდისიერია და მიგვაჩნია, რომ ორივე შეძლებს, რომ გაართვას თავი დაკისრებულ მოვალეობებს თუკი მხარს დავუჭერთ. თუმცა ჩვენ წინასწარ ჩამოყალიბებული პოზიცია არ გვაქვს",-ამბობს ანრი ოხანაშვილი.

პარალელურად ოპოზიციაში აღნიშნავენ, რომ 4 დღეში გაუქმებული დემოკრატიული ინსტიტუტის საფუძველზე წარმოქმნილი გასაუბრებები საზოგადოების ნდობას არ იმსახურებს. 

შეგახსენებთ, რომ ორი სამსახური მას შემდეგ შეიქმნა, რაც სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტი "ქართულმა ოცნებამ" დახურა. დავა მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, თუმცა ოცნება გეგმავს ახალი სამსახურების ხელმძღვანელები ისე  დანიშნოს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაელოდოს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი