ოკუპირებული ცხინვალის ციხეში ნაწამებ გენადი ბესტაევს ცოტა ხანში სოფელ მერეთში, საკუთარ სახლში გადაასვენებენ. ის თბილისში გადმოყვანის შემდეგ, 3 თვის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, დღეს დილით კი კლინიკაში გარდაიცვალა.
"პაციენტთან გამოხატული იყო ინტრაცერებლური სისხლჩაქცევის შემდგომი პერიოდი. ორმხრივი კრანიოტომია იყო გაკეთებული, ტრახეოსტომა იყო, კომატოზური მდგომარეობა იყო პაციენტთან და მუდმივად ჟანგბადდამოკიდებული იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, პაციენტის მდგომარეობა შემოსვლისთანავე ფასდებოდა როგორც უკიდურესად მძიმე. მუხხედავად ჩატარებული სამედიცინო ღონისძიებებისა და მკურნალობის, დღეს, 10:15 საათზე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი", - თქვა ექიმმა, რევაზ შალამბერიძემ.
როგორც "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ლიდერმა, დავით ქაცარავამ აღნიშნა, გენადი ბესტაევის გარდაცვალებას პასუხისმგებლობა პირველ რიგში საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება, თუმცა მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მის გასათავისუფლებლად 2 წლს განმავლობაში ვერაფერი გააკეთა.
"პირველ რიგში პასუხისმგებელი მის სიკვდილზე არის საოკუპაციო რეჟიმი, რომლისგანაც ის მოკლული. გენადი ბესტაევი ერთმნიშვნელოვნად არის მორიგი მსხვერპლი საოკუპაციო რეჟიმის, ბაშარულის, ოთხოზორიას, ტატუნაშვილის და კვარაცხელიას შემდეგ. ბუნებრივია, საოკუპაციო რეჟიმმა აუცილებლად თავის დროზე პასუხი უნდა აგოს.
სამწუხარო არის ის, რომ 2 წლის განმავლობაში, რაც იმყოფებოდა გენადი ბესტაევი ტყვეობაში, საქართველოს ხელისუფლებამ არ და ვერ გააკეთა ვერაფერი იმისთვის, რომ გენადი ბესტაევი დაეხსნათ ტყვეობიდან", - თქვა დავით ქაცარავამ.
53 წლის გენადი ბესტაევი რუსმა სამხედროებმა სოფელ ზარდიაანთკარიდან 2019 წლის 19 ნოემბერს გაიტაცეს. საოკუპაციო რეჟიმმა მას სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა. ბესტაევი ოკუპანტებმა ციხეში სასტიკად აწამეს. მას შემდეგ, რაც ინსულტი განუვითარდა, ის ჯერ ცხინვალის საავადმყოფოში, მოგვიანებით კი თბილისში გადმოიყვანეს. ბესტაევის გათავისუფლებას ოჯახი 2 წლის განმავლობაში ითხოვდა. მოგვიანებით ის ქართულ მხარეს გადმოსცეს.