სამთვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს რკინიგზამ მუშაობა აღადგინა. პირველი მატარებელი ბათუმის მიმართულებით ერთი საათის წინ გავიდა და მასზე ყველა ბილეთი გაყიდა.
მატარებლით გადაადგილებისას სპეციალური ინსტრუქცია მოქმედებს. ვაგონის შესასვლელებში მგზავრებს თერმოსკრინინგი უტარდებათ, მატარებელში შესვლის შემდეგ კი ისინი დეზობარიერს გადიან და ხელებს სადეზინფექციო ხსნარით იმუშავებენ. კიდევ ერთი რეგულაცია ეხება პირბადეებს, მის გარეშე მგზავრები მატარებელში არ დაიშვებიან. მგზავრობისას მათ პირბადის მოხსნის უფლებაც არ ექნებათ.
ერთადერთი რეკომენდაცია, რომელსაც მგზავრები არ იცავენ, ორ მეტრიანი დისტანციის დაცვაა.
პირველ რიგში, ყველას მივმართავ თხოვნით, რომ შეეცადონ მაქსიმალურად, რომ ონლაინ შეიძინონ ბილეთები, ვისაც არ აქვს ამის ტექნიკური შესაძლებლობა, ან უნარებს ვერ ფლობს, მხოლოდ მაგ შემთხვევაში ვთხოვთ მოვიდნენ სალაროში. მატარებელში შესვლისას ყველა მგზავრს გაეზომება სიცხე. თუ აღმოაჩნდება რომელი მათგანს ტემპერატურა, მას სამწუხაროდ, ჩვენ უარს ვეტყვით მგზავრობაზე. გაივლის სპეციალურ დეზობარიერს მატარებელში შესვლისას, ამის შემდეგ ხელი უნდა დაიმუშავოს აუცილებლად ხსნარით და ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მგზავრს ეკეთოს პირბადე. მთელი მგზავრობის განმავლობაში მგზავრმა არ უნდა მოიხსნას პირბადე, - ამბობს "საქართველოს რკინიგზის" ფილიალ მგზავრთა გადაყვანის დირექტორი, დაჩი ცაგურია.
საქართველოს რკინიგზამ მგზავრთა გადაყვანა პანდემიის გამო, 31 მარტს შეწყვიტა. დღეიდან მატარებლის მეშვეობით გადაადგილება ხუთი მიმართულებით იქნება შესაძლებელი.